ირაკლი სესიაშვილი - სუს-ის მიერ გასაჯაროებული მტკიცებულებები ცხადყოფს იმ საფრთხის მასშტაბებს, რომელიც ქვეყანამ აიცილა
საერთაშორისო ტერორიზმი გლობალური საფრთხეა და მის ნებისმიერ გამოვლინებასთან უშეღავათო ბრძოლა სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი ფუნქციაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
სესიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისსა და პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სუს-ი ამოცანას წარმატებით ართმევს თავს.
„მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში ამ ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩდა და წარმატებით ართმევს თავს ამოცანას, აქვს ჩვენი გუნდის სრული პოლიტიკური მხარდაჭერა.
ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ როდესაც ასეთ გამოწვევებთან გვაქვს საქმე, ჩვენი ძალოვანი უწყებები მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად გაწერილი უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც ეყრდნობა ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილებას და სტანდარტს. ასე იყო მაშინაც, როდესაც ისინი მრავალსაათიანი სპეცოპერაციის დროს ცდილობდნენ ცოცხლად აეყვანათ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დისლოცირებული ტერორისტული ჯგუფის წევრები, სადაც სამწუხაროდ, ერთი სპეცრაზმელი დაგვეღუპა და ოთხი დაიჭრა და მაშინაც, როცა აკავებდნენ ამ ჯგუფთან დაკავშირებულ პირებს თბილისსა და ახმეტის რაიონში“, – აღნიშნა სესიაშვილმა.
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გასაჯაროებულ ინფორმაციასა და ვიდეომასალაზეც ისაუბრა.
„დღეს სუს-მა გაასაჯაროვა მტკიცებულებები, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ეჭვს, რომ ეს ადამიანები მაღალი ალბათობით და სხვადასხვა ხარისხით, ჩართულნი იყვნენ ტერორისტულ საქმიანობაში და ცხადყოფს, იმ საფრთხის მასშტაბებს, რომელიც ქვეყანამ აიცილა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგად“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
სესიაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი მძიმედაა დაჭრილი. მისივე თქმით, ექიმები ძალ-ღონეს არ იშურებენ დაჭრილის გადასარჩენად.
„ამ ფაქტთან დაკავშირებულ კითხვებზე და საზოგადოების ინტერესზე პასუხი უნდა გასცეს მხოლოდ გამოძიებამ, რომელიც უკვე დაწყებულია მთავარი პროკურატურის მიერ.
სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია და მასთან ასოცირებული მედია უნისონში ეწევიან ესოდენ მგრძნობიარე თემებით სპეკულირებას და ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, შეტევა მიაქვთ უსაფრთხოების სამსახურებზე, რაც ზიანს აყენებს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქციის ეფექტურ განხორციელებას.
მიუხედავად ასეთი პოლიტიკური თავდასხმებისა, ჩვენ ვრჩებით სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის სადარაჯოზე და ვაგრძელებთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ამავე დროს, დანაშაულთან ბრძოლის საქმეშიც ერთგულნი ვრჩებით ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტებისა. საზოგადოებას აქვს უფლება, დასვას შეკითხვები, ხოლო ხელისუფლების ინტერესია, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების მშვიდობა და ქვეყნის სტაბილურობა“, – აცხადებს სესიაშვილი.
დღეს სუს-მა გაბრიელ სალოსის გამზირსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების საქმეზე ინფორმაცია
გაავრცელა.