ირაკლი სესიაშვილი - სუს-ი სისტემურად არის გამართული და ადეკვატურად პასუხობს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს
იმის მიუხედავად, რომ 2019 წელს საქართველოს წინააღმდეგ იყო სერიოზული გამოწვევები, მათ შორის, ჰიბრიდული ომის თვალსაზრისით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ყველაფერს უფრო მეტად ორგანიზებული, მაღალი კვალიფიკაციით და სწორი რეაგირების ფორმებით შეხვდა, რასაც ვკითხულობთ კიდეც ანგარიშში,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშს.
სესიაშვილის თქმით, მსოფლიოში, საფრთხეები, რისკები და შესაბამისი ჰიბრიდული ომის ელემენტები ტრანსფორმაციას განიცდის და ამიტომ, გამოწვევები მუდმივად იზრდება. ამ კონტექსტში, კომიტეტის თავმჯდომარე საერთაშორისო პარტნიორობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
მისივე შეფასებით, გასული წელი ჩვენი ქვეყნისთვის რთული იყო და მთავარ საფრთხედ ისევ რუსული ოკუპაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება რჩება.
„იმის მიუხედავად, რომ სერიოზული გამოწვევები იყო, მათ შორის, ჰიბრიდული ომის თვალსაზრისით საქართველოს წინააღმდეგ 2019 წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფრო მეტად ორგანიზებული, მაღალი კვალიფიკაციით და სწორი რეაგირების ფორმებით შეხვდა ამ ყველაფერს, რასაც ჩვენ ვკითხულობთ კიდეც ანგარიშში. განსაკუთრებით, აღსანიშნავია ის, რომ საქართველო ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით, არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დაცული ქვეყანა, მათ შორის, აღსანიშნავია ჩვენი პარტნიორული თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან, ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, და ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთკავშირი მომავალშიც გაგრძელდება“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე თქმით, ჩანს რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისტემურად არის გამართული კიბერუსაფრთხოების, კონტრდაზვერვითი და ანტიკორუფციული საქმიანობის მიმართულებითაც.
კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ჰიბრიდული ომის ელემენტების ტრანსფორმაციასთან ერთად, სისტემა კიდევ უფრო დაიხვეწება.
„ანგარიშის მოსმენა მოხდება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში და შემდგომ უკვე მისი საჯარო განხილვა მოხდება პლენარულ სხდომაზე. ისიც უნდა ითქვას, რომ იმას, რასაც ჩვენ ვკითხულობთ – ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო, ღია ანგარიში, მაშინ, როდესაც უწყების საქმიანობის უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია საიდუმლო ოპერატიულ საქმიანობასთან და ცხადია, ჩვენ შესაბამის ფორმატში გვექნება საშუალება, პარლამენტში, სიღრმისეულად გავეცნოთ ყველა იმ რეალურ საფრთხეს, გამოწვევას და ასევე გავეცნოთ, თუ რა კონტრღონისძიებებით უპასუხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა“,- განმარტა ირაკლი სესიაშვილმა.