ირაკლი სესიაშვილი - სომხური და აზერბაიჯანული მხარეების სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეგვიძლია, სამშვიდობო პროცესში ჩავერთოთ
ძალიან რთული ვითარებაა. არც ერთი მხარის მხრიდან სურვილი და მიდგომა არ ჩანს, რომ ცეცხლი შეწყდეს, – ასე აფასებს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას.
მისი თქმით, საქართველოს საგარეო უწყება 24-საათიან რეჟიმში კავშირშია თავის კოლეგებთან აზერბაიჯანსა და სომხეთში.
„ძალიან რთული ვითარებაა. არც ერთი მხარის მხრიდან სურვილი და მიდგომა არ ჩანს, რომ ცეცხლი შეწყდეს. საერთაშორისო აქტორებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ კიდევ უფრო გააქტიურდნენ. იცით, რომ საქართველოს ერთგვარად ნეიტრალური პოზიცია უკავია და ეს ძალიან კარგად ესმით ჩვენს მეზობლებს და თავადაც უფრთხილდებიან ჩვენს ნეიტრალიტეტს. ნებისმიერ დროს შეგვიძლია, ვიყოთ, პროაქტიური თუ მოცემულობა და მხარეების სურვილი იქნება, რომ ჩავერთოთ სამშვიდობო პროცესში. ჩვენ მუდმივად თვალყურს ვადევნებთ პროცესს. საგარეო უწყება 24-საათიან რეჟიმში კავშირშია თავის კოლეგებთან აზერბაიჯანსა და სომხეთში. ცხადია, ვაანალიზებთ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ასევე, როგორც ცნობილია, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა გამართეს სატელეფონო კომუნიკაცია თავიანთ პარტნიორ ქვეყნებთან და დარწმუნებული ვარ, რომ აქ უფრო მსხვილი სუბიექტები არ ჩაერთვებიან პროცესში, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ ეს საერთაშორისო კრიზისამდე მიგვიყვანს და გავლენას მოახდენს არამხოლოდ რეგიონზე, არამედ შეიძლება მსოფლიო პრობლემატიკაზეც. ამიტომ, მოლოდინი მაქვს, რომ უფრო მეტი ძლიერი აქტორი ჩაერთვება მშვიდობის და სტაბილურობის მოწოდების პროცესში. მეზობელი ქვეყნებს მოვუწოდებთ, რომ ცეცხლი შეწყდეს და მეტი დრო და რესურსი მშვიდობიან დიალოგს დაუთმონ“, – განაცხადა სესიაშვილმა.
მისივე თქმით, თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, მზაობა არსებობს.
„თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, სრული მზაობა გვაქვს და ეს ჩვენი ინტერესია, თუმცა, სამწუხაროდ დღეს ამის ნიშნები არ ჩანს. მზად ვართ, ორივე მხარეს ჰუმანიტრაული მიმართულებით დავეხმაროთ, აღმოვუჩინოთ ის დახმარება, თუ ამის სურვილი გაჩნდება. ამას საერთაშორისო ურთიერთობის ფორმატში გავაკეთებთ და არა მხოლიდ ინდივიდუალურად, რადგან საქმე გვაქვს კონფლიქტთან, რომელიც შეიძლება საფრთხის მომტანი იყოს ყველასთვის და არა მხოლოდ რეგიონისთვის. ამ გადმოსახედიდან რაიმე ტიპის საფრთხე საერთაშორისო პროექტებთან, მათ შორის გაზსადენთან არ არის და არც არის ამის მოლოდინი. ეს მხარეების ინტერესში არც შედის ისევე, როგორც დიდი აქტორების ინტერესში. იმედი მაქვს, რომ მათი ჩართვით დეესკალაცია მოხდება“, – განაცხადა სესიაშვილმა.