ირაკლი სესიაშვილი - სიტყვის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ უფლებებს, არამედ პასუხისმგებლობასაც
სახელმწიფო კვლავაც დარჩება სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე, თუმცა ასევე ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ ამ უფლებით სარგებლობისას არ მივაყენოთ ვინმეს შეურაცხყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საპატრიარქოს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც სესიაშვილმა განაცხადა, სიტყვის თავისუფლება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია.
„დემოკრატია არის მნიშვნელოვანი საფუძველი ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარების და აქ ზედმეტი კითხვები არ ისმება. თუმცა, სიტყვის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ უფლებებს, რაც არის მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ მოიცავს პასუხისმგებლობასაც. ჩემი უფლება მთავრდება იქ, სადაც თქვენი და სხვისი უფლებები იწყება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ თავისუფლებით სარგებლობისას გავითვალისწინოთ ის ღირებულებები, რაც ჩვენ საზოგადოებას, ჩვენი ერის იდენტობას წარმოადგენს, რამაც ჩვენი ქვეყანა აქამდე მოიყვანა და ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მივუდგეთ”,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
საქართველოს საპატრიარქომ 24 მაისს სამღვდელოებას მოუწოდა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტონ, არ მისცენ ინტერვიუ და მონაწილეობა არ მიიღონ მათ არც ერთ გადაცემაში.
საქართველოს საპატრიარქო მიიჩნევს, რომ „აღნიშნული ტელეკომპანიის გადაცემები იმდენად ცინიკური და უტიფარია, რომ ხალხის საერთო აღშფოთებას და ქვეყანაში დაძაბულობას იწვევს“. საპატრიარქოს განცხადება მოყვა გადაცემა „არჩევანში“ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ კომენტარს.
„შეამჩნევდით, რომ სტუდიაში დღეს ერთი უცნაური სტუმარი გვყავს, მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია თვითმკვლელი ღვთისმშობლის სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს, ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ გადაცემა „არჩევანში“.