ირაკლი სესიაშვილი სალომე სამადაშვილს - თქვენ კონსოლიდაციის უნარი არ გქონდათ, როცა ხელისუფლებაში იყავით და არც დღეს გაქვთ, როცა ოპოზიციაში ხართ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა სუს-ის ანგარიშის განხილვის დახურვა გააპროტესტა.
როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია პანკისში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის პასუხი ღიად მოისმინოს.
„ბატონო ირაკლი, ჩემთვის ძალიან უცნაურია ტონი, რომლითაც დღევანდელი სხდომა დაიწყეთ, რადგან გუშინ ძალიან სერიოზული კრიზისი იხილა საზოგადოებამ. დღეს ჩვენ აქ გასართობად არ ვართ შეკრებილი. ოპოზიციასთან საუბრისას ტონი შეარჩიეთ და ჩვენ თუ გვაქვს რაიმე მოსაზრებები, რომ ამ სხდომის ნაწილი საჯარო უნდა იყოს, ალბათ გვაქვს ჩვენი საკუთარი მოტივაცია ამისთვის და არ არის საჭირო კოლეგებთან ასეთი ტონით საუბარი. მაგალითად შემიძლია გითხრათ, ჩემთვის საინტერესოა, ვფიქრობ საზოგადოებისთვისაც და ჟურნალისტებისთვისაც საჯაროდ მოისმინოს პასუხი შეკითხვაზე, რომელიც მაქვს სუს-ის წარმომადგენელთან. ეხმარება თუ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს კამპანია, პიარ-კამპანია, რაც დღეს წარმოებს პანკისის მოსახლეობის წინააღმდეგ, როდესაც მათ აკავშირებენ ისლამურ ფუნდამენტალისტურ მოძრაობასთან სხვადასხვა პროპაგანდისტული საშუალებით თქვენი ხელისუფლების? მაინტერესებს ამაზე პასუხი მოვისმინო საჯაროდ და მნიშვნელოვანია პასუხი მოისმინონ ასევე მედიის წარმომადგენლებმა, რომლებიც სამწუხაროდ ამ სამარცხვინო კამპანიას აწარმოებენ დღეს, როდესაც უსერიოზულესი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი სახელმწიფო“, – მიმართა სალომე სამადაშვილმა სხდომის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს.
მისივე თქმით, ყველა კითხვა უნდა დაისვას ღია რეჟიმში და შემდეგ უნდა მიეცეს დისკრეცია სუს-ის წარმომადგენელს, განსაზღვროს რომელს კითხვას უპასუხებს და რომელს არა.
ოპოზიციონერ დეპუტატს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ყველა საფრთხესა და გამოწვევაზე, უმჯობესი იქნება, თუ სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდება.
„გმადლობთ, ქალბატონო სალომე. დიახ, ჩვენ შორის, ხშირად ახსენებთ ხოლმე, რომ დიდი განსხვავებაა. თქვენი, რიგ შემთხვევაში პროვოკაციული განცხადებები, უკვე სახეზეა და ჩემი ტონი თუ არ მოგწონთ, ეს მიხარია, მაგრამ არის საერთო ქვეყნის ინტერესები, სადაც თქვენ კონსოლიდაციის უნარი არ გქონდათ, როცა ხელისუფლებაში იყავით და არც დღეს გაქვთ, როცა ოპოზიციაში ხართ. ესეც ის განსხვავებაა, რომელიც ჩვენ შორის ფუნდამენტურია, როგორც ხშირად გიყვართ ხოლმე ამ სიტყვის ხმარება. დიახ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, მათ შორის თქვენთან ერთად იმისათვის, რომ ის საფრთხეები, შეიძლება კომპლექსური გამოწვევებიც, რომელიც ქვეყნის წინაშეა და რომლის გარკვეული გამოვლინებები, მათ შორის გუშინ იყო, ამაზე ვიმსჯელოთ სამუშაო რეჟიმში“, – მიმართა ირაკლი სესიაშვილმა სალომე სამადაშვილს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის განხილვა პარლამენტის რამდენიმე გაერთიანებულ კომიტეტზე დახურულ ფორმატში გაგრძელდება. დეპუტატებმა გადაწყვეტილება სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის, გრიგოლ ლილუაშვილის თხოვნის შემდეგ მიიღეს.