ირაკლი სესიაშვილი - სააკაშვილი არის სისტემური დანაშაულის მამამთავარი, როგორ შეიძლება დემოკრატიაზე ელაპარაკო
თუ გიორგი მარგველაშვილს აქვს მოლოდინი, რომ სააკაშვილთან შეიძლება დემოკრატიაზე საუბარი, აქ მთავრდება ჩემი დამოკიდებულება მისი პოლიტიკურ გააქტიურებასა თუ მომავალთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის, ესაუბროს მიხეილ სააკაშვილს იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ხედვა საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ასევე მარგველაშვილის თქმით, ის აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება.
„ყველა მოქალაქეს აქვს უფლებაც და საშუალებაც, რომ ქვეყანაში თავისი პოლიტიკური მოთხოვნილება გამოხატოს. გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ მზად არის, მიხეილ სააკაშვილს ესაუბროს, თუ მას დემოკრატიის მიმართულებით თავისი ხედვა აქვს. ეს ჩემთვის წყალგამყოფია. თუ ვინმეს და მათ შორის გიორგი მარგველაშვილს, აქვს იმის მოლოდინი ან გაცდა, რომ სააკაშვილთან შეიძლება დემოკრატიაზე საუბარი, აქ მთავრდება ჩემი დამოკიდებულება მისი პოლიტიკურ გააქტიურებასა თუ მომავალთან დაკავშირებით.
სააკაშვილს დემოკრატიაზე როგორ შეიძლება ელაპარაკო?! ეს არის ადამიანი, რომელიც არის სისტემური დანაშაულის მამამთავარი. თუ გიორგი მარგველაშილს, რომელიც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, აქვს მოლოდინი, რომ სააკაშვილს დემოკრატიაზე ელაპარაკოს, ეს მისი არჩევანია, სადაც მე მის პოლიტიკურ კარიერას ჩემთან მიმართებით ვერ ვხედავ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.