ირაკლი სესიაშვილი - რუსული პოლიტიკა საქართველოში ფეხს ვერასდროს მოიკიდებს
ირაკლი სესიაშვილი - რუსული პოლიტიკა საქართველოში ფეხს ვერასდროს მოიკიდებს

დახურულმა სხდომამ კონსტრუქციულად და მშვიდად ჩაიარა, რადგან ოპოზიციამ პროცესის პოლიტიკურ შოუდ გადაქცევა ვერ შეძლო და შესაბამისად, შეხვედრას ოპოზიციის მხოლოდ ოთხი-ხუთი დეპუტატი ესწრებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების სამსახურის უფროსმა, ირაკლი სესიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ პარლამენტში სუს-ის ანგარიშის წარდგენის შესახებ განაცხადა.

„სხდომაზე რთულ და ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ღიად საუბარი შევძელით, რამაც ღირებული ინფორმაცია მოგვცა, რათა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მზად ვიყოთ“, – განაცხადა სესიაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა პასუხი აქვს ხელისუფლებას ოპოზიციის კრიტიკაზე, რომ სუს-ის ანგარიშში რუსული პროპაგანდა საფრთხედ სრულიად სამართლიანად არის შეფასებული, მაგრამ საქართველოში „გაზპრომის“ შვილობილის სახით ახალი რუსული პროპაგანდისტული არხი გაჩნდა და თვეების განმავლობაში, თბილისში ჩატაევი თანამებრძოლებთან ერთად დაუსჯელად გადაადგილდებოდა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ როცა ოპოზიცია ამბობს, თითქოს რბილი ძალა მთავარი პრობლემა და გამოწვევაა, ან თავს იტყუებს, ან მეტი სალაპარაკო არაფერი აქვს და მხოლოდ ამაზე აპელირებს, რადგან რუსულ რბილ ძალასთან ბრძოლა მსოფლიოში პოპულარული და მოდურია.

„კარგად ვიცით, რუსეთმა წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რაც გააკეთა. კარგად ვხედავთ ოკუპაციას და ოკუპაციის პირობებში ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის, აფხაზებისა და ოსების მიმართ მოპყრობას. კარგად გვახსოვს ომები და ჩვენი დაღუპული ჯარისკაცები, თუ მშვიდობიანი მოსახლეობა. ამიტომ, ვერ წარმომიდგენია, ვინმემ გაბედოს და ჩვენ ქვეყანაში რბილი ძალის ენით ღიად, საჯაროდ გვესაუბროს. ამ ქმედებების გათვალისწინებით, რუსეთი და რუსული პოლიტიკა საქართველოში ფეხს ვერასდროს მოიკიდებს“, – განაცხადა სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გარეთ გამოსვლის შემდეგ, ოპონენტები დახურულ რეჟიმში საუბრის შინაარსის ტრანსფორმირებას ახდენენ და ცდილობენ, ეს ყველაფერი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ.