ირაკლი სესიაშვილი - „ქართული ოცნების“ ერთიანობაში არანაირი კრიტიკული მოცემულობა არ არსებობს
ისე ნამდვილად არ წვიმს, როგორც ქუხს და „ქართული ოცნების“ ერთიანობაში არანაირი კრიტიკული მოცემულობა არ არსებობს, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების სამსახურის უფროსმა, ირაკლი სესიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„ალბათ, ეს უფრო პოლიტიკური მედიის ინტერესია, გუნდის შიგნით არსებული გარკვეული გაუგებრობები საზოგადოების თვალში კატასტროფად გამოაჩინოს, რომ „ქართული ოცნება“ იშლება და ინგრევა. ეს ასე ნამდვილად არ არის. ცალკეულ დეპუტატებს პროცესებისადმი განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია. თუმცა, ისინი „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და პრინციპებს იზიარებენ. პროცესს გარკვეული ემოციური ფონიც დაემატა, რამაც შექმნა სურათი, თითქოს, გუნდის შიგნით დაპირისპირებაა“, – განაცხადა სესიაშვილმა.
ამ განცხადებით ირაკლი სესიაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან საჯაროდ გამოხატული იმ ურთიერთბრალდებების ფონზე, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ისმის, შეძლებს თუ არა უმრავლესობა ხვალინდელ სხდომაზე თამაშის თუნდაც საერთო წესებზე შეთანხმებას.
მისი თქმით, მმართველი პოლიტიკური ძალა მეტ-ნაკლებად აღიარებული კრიზისის მოგვარებას ადვილად შეძლებს.
„ამის ვალდებულებაც კი გვაქვს, გარკვეული უთანხმოებები გადავაგოროთ და მუშაობა კვლავ ერთიანად გავაგრძელოთ. ჩვენი ვალდებულებაა, ორიენტირებული ვიყოთ საქმეზე, ქვეყნის მშენებლობაზე, კეთილდღეობაზე, სტაბილურობაზე და მშვიდობაზე. ასე რომ, ამ ნახსენებ კრიზისს მარტივად და ეფექტურად დავძლევთ“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.