ირაკლი სესიაშვილი - პროკურატურის მიერ მასალების გამოქვეყნება არ ნიშნავს, რომ ეს წინასაარჩევნო პერიოდს უნდა მივაბათ
ხელისუფლებას ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წინაშე ერთგვარი ვალდებულება ჰქონდა, რომ პატარკაციშვილის მიმართ განხორციელებულ ყველა ბინძურ ქმედებაზე პასუხი გაგვეცა, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, პროკურატურამ მკვლელობის მომზადების გეგმაზე ისაუბრა.
„მთავარი პროკურატურა მკვლელობის გეგმაზე საუბრობს. საუბარი არ არის იმაზე, რომ ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია ამ გეგმის შესაბამისად მოხდა, თუმცა ეს შეიძლება შემდგომში გამოიკვეთოს. ხელისუფლებას ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ ერთგვარი ვალდებულება ჰქონდა, რომ მის მიმართ განხორციელებულ ყველა ბინძურ ქმედებაზე პასუხი გაგვეცა. პროკურატურა აცხადებს, რომ ჩხრეკის დროს ჩანაწერები აღმოაჩინეს, რომელიც გამოძიების საფუძველი გაჩნდა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისი თქმით, შესაძლოა, ვინმეს გაუჩნდეს კითხვა, რატომ არ მოხდა საქმის 2016-2017 წლებში გამოძიება, მაგრამ საგამოძიებო პროცესს თავისი სპეციფიკა აქვს და საქმის მომზადებას დრო სჭირდება
„წინა ხელისუფლების პირობებში ყველას განცდა ან შეხება ჰქონდა, როგორ ხდებოდა ხელისუფლების მხრიდან ძალადობა პოლიტიკური მოტივებით, რათა ოპონენტები მოეშორებინათ. შეიძლება, ეს ცემა, ლიკვიდაცია და ქვეყნიდან გაგდება ყოფილიყო. გრიგოლ ვაშაძე გვპირდება, რომ ასეთ ადამიანებს ციხიდან გამოუშვებს. ეს „ნაციონალების“ რეალური სახეა. შეიძლება, ვინმეს ეჭვი გაუჩნდეს, რომ ხელისუფლება საქმეებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, თუმცა რეალობას არ უნდა გავექცეთ. ეს რეალობაა, ვიცოდით და დამადასტურებელი ფაქტები არ გვქონდა. პროკურატურამ ფაქტებზე ისაუბრა და ფაქტია, რომ ვაშაძე გვპირდება, რომ მკვლელებს ციხიდან გამოუშვებს“, – განაცხადა დეპუტატმა.
ირაკლი სესიაშვილი აღნიშნავს, რომ მთავარი პროკურატურის მიერ მასალების გამოქვეყნება წინასაარჩევნო პერიოდთან კავშირში არ არის.
„როგორ, სად ვცხოვრობდით და ძალადობის რა ელემენტები იყო, ყველას გვახსოვს. საზოგადოების ნაწილი განაწყენებულია, რომ იმ დანაშაულებს პასუხი არ გავეცით, რასაც ადგილი წლების განმავლობაში ჰქონდა. მასალების გამოქვეყნება არ ნიშნავს, რომ ეს წინასაარჩევნო პერიოდს უნდა მივაბათ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გახსნილია. სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გ.მ., მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლ.ქ.-ს და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რ.შ.-ს კი წარედგინათ ბრალდებები.