ირაკლი სესიაშვილი - ოპოზიციურ სპექტრში დღეს ერთად არიან ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთისთვის მძიმე ბრალდებები არ დაუშურებიათ, მაგალითად, ოქრუაშვილი ღიად ამბობდა, რომ სააკაშვილმა მას პატარკაციშვილის მკვლელობა დაუკვეთა
პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოება არის შემფასებელი პოლიტიკოსების, მათი საქმიანობის, მათ შორის იმის, რომ დღეს ოპოზიციურ სპექტრში ერთად არიან ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთისთვის მძიმე ბრალდებები არ დაუშურებიათ,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომლითაც უპასუხა მედიის კითხვას, „ნინო ბურჯანაძე, რომელიც 2011 წლის 26 მაისს ოპოზიციის ლიდერი იყო, დღეს იმ ხელისუფლების წევრებთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან ზის. როგორ აფასებთ მის ქმედებას“.
„თქვენ იცით, რომ მაგალითად, ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი ღიად ამბობდა პირდაპირ ეთერში, რომ სააკაშვილმა მას დაუკვეთა პატარკაციშვილის მკვლელობა, თუმცა დღეს პოლიტიკურად ამხნევებენ, რაც ჩემთვის და ალბათ საზოგადოებისთვისაც ცოტა რთულად აღსაქმელია, რა პოლიტიკურ კულტურასთან და პრინციპულობასთან გვაქვს საქმე, ასევე დიახ, ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, რომელსაც წინა ხელისუფლება იმ მოვლენების დროს მძიმედ გაუსწორდა და რა შეფასებები და ბრალდებები იყო, ესეც ძალიან კარგად გვახსოვს, მაგრამ დღეს ისინი ერთად არიან“, – განაცხადა სესიაშვილმა.
ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ისინი დღეს ერთად არიან ძალაუფლებისთვის და არა პოლიტიკური პრინციპებისთვის ან ამჟღავნებენ პოლიტიკურ კულტურას ქვეყნის და საზოგადოების მიმართ.
„თავისთავად ცხადია, ჩემი შესაფასებელი ნაკლებად არის, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს სწორედ არჩევნების გზით“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.