ზოგადად, ძალიან პოლარიზებულ პოლიტიკურ პროცესში ვართ. ოპოზიციის მოსაწონ მთავრობას ვერ ვნახავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
„დიახ, ვერ ვნახავთ, რადგან მათ ეშინიათ და ეშინიათ არა პიროვნულად, არამედ იმ მთავრობის, რომელიც ჩვენ გუშინ დავამტკიცეთ, რომელსაც აქვს ძალიან ამბიციური გეგმა, ჰყავს ძალიან პრინციპული ლიდერი და ჩვენ ამ გუნდთან ერთად ვაპირებთ ყველა იმ პრობლემაზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას, რაც ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე არის. ცხადია, ეს მათ არ ახარებთ. მათი ნეგატიური რეაქციები არის პირდაპირ პროპორციული იმის, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და სწორი მიმართულებით მივდივართ“,- განაცხადა სესიაშვილმა.
დეპუტატის თქმით, „20-21 ივნისი მრავალი მიზეზის გამო არის ძალიან სერიოზული შავი ლაქა ჩვენს ისტორიაში“.
„ერთი არის, რომ ადამიანები, მოქალაქეები და პოლიციელები დაშავდნენ და ეს ყველას გვტკივა. მეორე არის, რომ თანამედროვე საქართველოში ჯერ კიდევ ვიღაცას ტვინში უტრიალებს, რომ შეიძლება ძალაუფლება და ხელისუფლება ჩაიგდოს რევოლუციებით, პარლამენტში შევარდნით და ა.შ. ეს ორი მძიმე თემაა. ამ ყველაფერზე ჩვენ კონკრეტული პასუხები გავეცით, აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები კონკრეტულ პირებზე და ამაზე ვახდენთ სწორ რეაქციებს. რაც შეეხება უშუალოდ ბატონი გიორგის პასუხისმგებლობას და რეაგირებას. თქვენ დააკვირდით, რა რეაქცია ჰქონდა შეხვედრაზე „ევროპულ საქართველოს“. მათ პასუხების მოსმენა არ უნდოდათ. იქ იყვნენ 20-21 ივნისს და ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ, რომ ძალადობა შეწყვიტეთო“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.