ირაკლი სესიაშვილი - ოპონენტებისგან გვესმის, თითქოს საქართველო გაქრა საერთაშორისო ორბიტიდან, რაც მიზანმიმართული სიცრუეა, ქვეყანა მყარად დგას ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აშშ-ში ვიზიტზე ისაუბრა.
როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, რამოდენიმე დღის წინ პენტაგონში ხელი მოეწერა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალ ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც მომავალი სამი წლის განმავლობაში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის დონესა და ნატო-ს ურთიერთთავსებადობას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
„რთული პოლიტიკური პროცესია დღეს საქართველოში, თუმცა მე მინდა გამოვეხმაურო თავდაცვის მინისტრის აშშ-ში ვიზიტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. რთული გეოპოლიტიკური მოცემულობაა რეგიონში, ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ასევე ხასიათდება თავისი სირთულეებით და ამ ვითარებაში ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მინდა, საზოგადოებას შესაბამისი შედეგების შესახებ ინფორმაცია მივაწოდო. რამოდენიმე დღის წინ პენტაგონში ხელი მოეწერა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალ ჩარჩო ხელშეკრულებას. აღნიშნული ხელშეკრულება ადასტურებს შეერთებული შტატების გამოხატულ, ურყევ ნდობას საქართველოს გამოცხადებული განვითარების კურსის მიმართ და თავდაცვის ეფექტური რეფორმირების მხარდაჭერას. ხელშეკრულება ემსახურება თავდაცვის ძალებში ნატო-ს სტანდარტების დამკვიდრებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისთვის მზადყოფნის ხარისხის ამაღლებას“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე თქმით, მომავალ წელს საქართველო აშშ-სგან მიიღებს რეკორდულ ფინანსურ დახმარებას თავდაცვის სფეროში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ შეერთებულ შტატებთან გვაქვს არამხოლოდ სტრატეგიული თანამშრომლობა, არამედ შეიძლება ითქვას, ეს არის ჩვენი მოკავშირეობა, რაც გამოიხატება აბსოლუტურად ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით. ჩვენ ხშირად გვესმის ჩვენი ოპონენტების მხრიდან, თითქოს საქართველო გაქრა საერთაშორისო ორბიტიდან ან გარკვეული საფრთხეები ემუქრება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრეაციას, რაც არის, რა თქმა უნდა, მიზანმიმართული სიცრუე. ჩვენი ქვეყანა მყარად დგას ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, ჩვენი ქვეყნის, განსაკუთრებით თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული რეფორმები აღიარებულია და მხარდაჭერილია ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სესიაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყნისთვის მშვიდობა, უსაფრთხოება არის სტრატეგიული გზა ქვეყნის მომავლისა და განვითარებისთვის.
„მინდა, ასევე წაგიკითხოთ, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილის, დევიდ ნორქვისტის განცხადება. ამ ხელშეკრულების გაფორმების დროს მან რაც გააკეთა. „აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებების დაცვისა და გავრცელების ერთობლივ ძალისხმევას ემყარება, არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი“. დიახ, ეს არის ის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი ჩვენსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობაში, რაც მხარდაჭერილი უნდა იყოს ყველა შესაბამისი პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელსაც თუნდაც საჯაროდ გაცხადებული აქვს ჩვენი ქვეყნის დასავლური ორიენტაციისა და ევროპულ, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მნიშვნელობა. ამიტომ ამ რთულ პოლიტიკურ მოცემულობაში, ყველას მოვუწოდებ, რომ კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ იმ მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ, რაც ჩვენი ქვეყნის საერთო ინტერესებს ემსახურება. მე აქვე მინდა ამ ნაწილში მოვუწოდო ყველას, რომ პატივი სცენ პოლიციელებს, პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ჩვენი პოლიციელების, სამხედრო მოსამსახურეების დეპოლიტიზაცია კვლავაც იქნას მხარდაჭერილი. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი საერთო ინტერესებიდან გამომდინარე და ამ ფონზე მთავარი ხაზი, ჩვენი, ყველასი ერთად იყოს ჩვენი ქვეყნის მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.