ირაკლი სესიაშვილი - ოკუპანტმა უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობა მას ეკისრება
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპაციის ქვეშაა, ოკუპანტმა უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თემის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ვინმე დაუსჯელი დარჩება და ეს მხოლოდ დროის ამბავია.
“პირველ რიგში, არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ვინმე დაუსჯელი დარჩება. ეს მხოლოდ და მხოლოდ დროის ამბავია. ოკუპანტმა უნდა იცოდეს – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპაციის ქვეშაა, პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. ის ოკუპანტია და მათ შორის ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებასა და დანაშაულზე, რასაც ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვს, მას პასუხისმგებლობა აქვს. ამიტომ ჩვენ ამ მექანიზმებს მიზანმიმართულად ვიყენებთ, ერთი მხრივ, პოლიტიკური მიზნებისთვის, რომ დასავლეთი მუდმივად ჩვენს მხარდამჭერ პოზიციებზე იყოს და ჩვენი პოზიციების კონსოლიდაცია მოვახდინოთ, მეორე მხრივ კი ამან პრევენციული ხასიათი მიიღოს, რაც იმას მიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები მეტნაკლებად დაცულები იყვნენ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეიტანს. სარჩელზე მოპასუხე რუსეთის ფედერაცია იქნება.