ირაკლი სესიაშვილი - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ საქმიანობა პოლიტიკურ დეზერტირობას ჰგავს
საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის მოსაზრებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ საქმიანობა პოლიტიკურ დეზერტირობას ჰგავს.
ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი სესიაშვილმა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას პარლამენტში ხვალ დაგეგმილ გამოსვლაზე ისაუბრა და ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა სხდომაზე დასწრების თაობაზე.
„როცა ვსაუბრობთ პოლიტიკურ ბოიკოტზე, ცხადია, ამის უკან პოლიტიკური მიზნები დგას. ეს მათი არჩევანია, თუმცა უფრო მეტად პოლიტიკურ დეზერტირობას ჰგავს. ოპოზიცია და უმრავლესობამ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ რეფორმებზე, რომელიც ეხება საარჩევნოს რეფორმასა და საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამ ნაწილში მათი მხრიდან პასუხისმგებლობის თავიდან არიდება მათი პოლიტიკური დეზერტირობაა, რაც შეეხება მათი მხრიდან ტრიბუნის გამოყენების სურვილს, ეს წინააღმდეგობაში მოდის მათ საერთო პოლიტიკურ დამოკიდებულებასთან, რაც არის პოლიტიკური ბოიკოტი. ეს არის ჩვენი ოპოზიცია, მოვუსმინოთ და მივიღოთ“, – განაცხადა სესიაშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ პოლიტიკური ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული და პლენარულ სხდომებს საკუთარი შეხედულებისამებრ ესწრებიან. ისინი ხვალინდელ სხდომაზე დასწრებას გეგმავენ, სადაც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ წლიური ანგარიში უნდა წარადგინოს.