ირაკლი სესიაშვილი - მმართველ გუნდს აქვს თავისი სუბიექტური და ობიექტური პრობლემები, რაზეც მოკლე ვადებში სერიოზულად მოგვიწევს მუშაობა
მმართველ გუნდს აქვს თავისი სუბიექტური და ობიექტური პრობლემები და ამაზე მოკლე ვადებში ძალიან სერიოზულად მოგვიწევს მუშაობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულ, თავისუფალ რეჟიმში წარიმართა.
„მადლობა საზოგადოებას, რომ ძალიან სწორი მინიშნება მოგვცა. ყველაზე კარგი ის არის, რომ დემოკრატიულ, თავისუფალ რეჟიმში გვქონდა არჩევნები. ხელისუფლებას სამუშაო გვაქვს არამხოლოდ პარტიული ინტერესების კუთხით, არამედ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების მიმართ. ჩვენ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ძალას, რომელსაც აქვს ამბიცია, მეორე ტურში გაიმარჯვოს, მოჰყვება გაორმაგებული ძალადობა“, – განაცხადა სესიაშვილმა.
ამასთან, სესიაშვილი მმართველი გუნდის პოლიტიკური სტრატეგიის შეცდომებზე საუბრობს.
„თუ ვისაუბრებთ იმაზე, რამდენად სწორი პოლიტიკური სტრატეგია გვქონდა, აქ შეიძლება ძალიან ბევრი შეცდომა ვიპოვოთ: რატომ არ დაისაჯნენ ბოლომდე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც აშკარად იყვნენ დანაშაულებში შემჩნეული, ჩვენი მომხრეების მიმართ რატომ არ ვიყავით ისეთივე გვერდით მდგომები, როგორც ისინი იყვნენ. შეიძლება, რაღაც ნაწილში სტრატეგიულად შეგვეშალა, შეიძლება, უბრალოდ გამოსავალი არ იყო საერთაშორისო მოცემულობიდან გამომდინარე, რადგან საერთაშორისო საზოგადოებაც თავის დღის წესრიგს გვიყენებდა“, – განაცხადა დეპუტატმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოება შეაფასებს, რა რისკები მოჰყვება ძველი ხელისუფლების ნებისმიერი ფორმით დაბრუნებას.
„ახლა სერიოზული მუშაობა მოგვიწევს და იმედი მაქვს, საზოგადოება გაერკვევა, რა რისკები შეიძლება, მოყვეს ძველი ძალადობრივი ხელისუფლების რაღაც ფორმით დაბრუნებას. ეს აღარ არის პარტიული საკითხი, ეს არის სახელმწიფო ინტერესების მიმართ ზიანის რისკი. აქ უნდა ვიყოთ ადეკვატურები და მეორე მხრივ, საზოგადოება რასაც ითხოვს ჩვენგან, იგივე ეკონომიურ, სოციალურ პრობლემებზე დროული რეაგირება უნდა გვქონდეს. სულ მცირე, ის მაინც უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ დღეს არის ეს, ხვალ იქნება ეს“, – განაცხადა დეპუტატმა.