საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი N6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ.
ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, ის მიესალმება რეფორმის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც წვევამდელები სამხედრო სავალდებულო სამსახურს პენიტენციურ სისტემაში აღარ გაივლიან.
„მივესალმები გადაწყვეტილებას, რომ ეტაპობრივად პენიტენციურ სისტემაში წვევამდელების გაწვევა აღარ მოხდება, რაც იმ გარკვეულ დისკომფორტს მოხსნის, რაც უნდა ვაღიაროთ, წვევანდელებს ამ სისტემაში სამსახურის გავლის დროს აქვთ. შესაბამისად, მეტი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ წვევანდელებმა იმსახურონ უწყებებში, რომელიც უფრო მეტად მოემსახურება თავდაცვის სამხედრო და უსაფრთხოების მიზნებს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
სესიაშვილის განმარტებით, საქართველოს პარლამენტში ორ ახალ ინიციატივას დაარეგისტრირებს, ის სტუდენტები, რომლებიც ნებაყოფლობით იმსახურებენ შსს-ს დაცვის პოლიციაში და მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას, მათ ეს ჩაეთვლებათ სამხედრო სავალდებულო სამსახურად.
ასევე წვევამდელები, რომლებიც რელიგიური შეხედულების ან აღმსარებლობის მოტივით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლაზე უარს აცხადებენ, მათ შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ალტერნატიული შრომითი კანონით და გაწვეულ იქნან შესაბამის ალტერნატიულ სამსახურში.