21-ე საუკუნეში გლობალიზაციის პროცესებისა და რთული გეოპოლიტიკური მოცემულობის პირობებში სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან პოლიტიკური ინტერესები იყო, არის და იქნება, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ მთავარია, ამას ჩვენ როგორ დავხვდებით და ჩვენი ინტერესებისთვის როგორ გამოვიყენებთ, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების სამსახურის უფროსმა, ირაკლი სესიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„სწორედ ამიტომ არსებობს სუს-ი, რომელიც შინაარსობრივად და თვისობრივად გაძლიერებულია. ამიტომ, უნდა ვიმედოვნოთ, რომ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. მით უმეტეს, ძალიან ძლიერი და საუკეთესო პარტნიორები გვყავს. ჩვენ ცივილიზებულ ოჯახში ვართ, რომელსაც რესურსიც აქვს და შესაძლებლობაც. ცხადია, ასეთი საფრთხეები, რისკები და გამოწვევები ყოველთვის იარსებებს, მაგრამ მთავარია, ჩვენ როგორ ვიმოქმედებთ. მიმაჩნია, რომ სუს-ი ეფექტურად მოქმედებს. თუმცა, თვითკმაყოფილი ვერ ვიქნებით და მუშაობას კვლავაც გავაგრძელებთ“, – განაცხადა სესიაშვილმა.
ამ განცხადებით ირაკლი სესიაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა იგულისხმება პოლიტიკური გავლენების გაძლიერების მცდელობაში, როცა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მხრიდან პოლიტიკური გავლენების გაძლიერება-გაფართოების მცდელობები იკვეთება და რა კეთდება მასთან საბრძოლველად.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების სამსახურის უფროსმა ყველას, განსაკუთრებით კი პოლიტიკურ ძალებს კონსოლიდაციისკენ მოუწოდა.
„მშვიდობა ყველასთვის ერთია და უსაფრთხოება ყველას გვჭირდება. მე ვიქნები აქ თუ სხვა, ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდი, სტაბილური და კეთილდღეობაზე ორიენტირებული უნდა იყოს. ამიტომ, ყველას, განსაკუთრებით კი, პოლიტიკურ ძალებს მოვუწოდებ, კონსოლიდირებული ვიყოთ“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.