ირაკლი სესიაშვილი - მიხეილ სააკაშვილის ბოდიში მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებზეა გათვლილი, ეს არის უსინდისოდ ნათქვამი ბოდიში
ირაკლი სესიაშვილი - მიხეილ სააკაშვილის ბოდიში მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებზეა გათვლილი, ეს არის უსინდისოდ ნათქვამი ბოდიში

მიხეილ სააკაშვილის ბოდიში მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებზეა გათვლილი, ეს არის უსინდისოდ ნათქვამი ბოდიში, – ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ბოდიშის მოხდა საკმარისი არ არის.

„მიხეილ სააკაშვილის ბოდიში არის იძულებითი. რვა წლის განმავლობაში ერთხელ რომ არ მოიხდი ბოდიშს და რვა წლის შემდეგ, ისევ არჩევნებზე ქულების დასაწერად და ძალაუფლებისთვის რომ იხდი ბოდიშს, ამის არავის სჯერა. ეს არის უსინდისოდ ნათქვამი ბოდიში. თუ ის ბოდიშს იხდის მკვლელობებზე, წამებაზე ქონებების წართმევაზე – ამაზე ბოდიში არ კმარა, ამაზე სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი პასუხისმგებლობაა. მას ელოდება მართლმსაჯულება, რადგან პასუხი უნდა აგოს ამ დანაშაულებზე.  მისი ბოდიში მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებზეა გათვლილი“, – განაცხადა სესიაშვილმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ის საქართველოში ბრუნდება, სესიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს „ბაქი-ბუქი მის ამომრჩეველზეა გათვლილი”.

„ჩამოსვლასთან დაკავშირებით სააკაშვილის ბაქი-ბუქს მე არასერიოზულად ვუყურებ. ეს ბაქი-ბუქი გათვლილია მის ამომრჩეველზე და მათ გამხნევებაზე. ჩვენი ოპონენტები არ ემზადებიან არჩევნებისთვის, ისინი ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის. მხოლოდ აქ შეუძლიათ, არეულობა და ქაოსი შემოიტანონ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაში. ამიტომ, მისი ეს განცხადებაც სწორედ ამაზეა გათვლილი“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხე არ არსებობს, რადგან „ქართული ოცნება“ არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებს.

„ქართული ოცნების“ საზრუნავი არ არის დამნაშავე სააკაშვილისა და მისი პარტიის რაიმე ფორმით ძალაუფლებაში მოსვლა, ეს არ არის საფრთხე. არჩევნებამდე მშვიდად მივალთ და მერწმუნეთ, სამაგალითო არჩევნები ჩატარდება. დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა სესიაშვილმა.