ირაკლი სესიაშვილი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე წარმატებული და ნიჭიერი ხალხია, მაგრამ პოლიტიკას თავისი გამოცდილება სჭირდება
ერთგვარ მოდად იქცა საქართველოში, რომ თუ შემოდიხარ პოლიტიკაში და ხდები მმართველი პოლიტიკური ძალის ოპონენტი, რაც უფრო ცუდად დახატავ ქვეყანაში არსებულ ვითარებას, მით უფრო მეტი პოლიტიკური პერსპექტივები გექნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველო შემდგარი სახელმწიფოა, რომელსაც აქვს წინსვლა, ასევე ეკონომიკური ზრდა.
„ბადრი ჯაფარიძის გუშინდელი განცხადება მომხვდა ყურში – სახელმწიფოებრიობა საფრთხის ქვეშ დგას. ალბათ, საინტერესო იქნება, ახსნას, რანაირად იქნება სახელმწიფოებრიობა საფრთხის ქვეშ. ეს არის შემდგარი სახელმწიფო – საქართველო, რომლის რეფორმებით, წარმატებებით და წინსვლით მართლაც გაოცებულია ევროპა და ნატო-ს წევრი ქვეყნები. რეგიონში ყველაზე კარგი ეკონომიკური ზრდა აქვს, მიმზიდველია, მოსახლეობაზე ორჯერ მეტი ტურისტი გვყავს, უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთ-ერთი დაცული ქვეყანა ვართ, მართლმსაჯულების თვალსაზრისით ერთ-ერთი აღიარებულია საქართველო, როგორც ლიდერი რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში. სტრასბურგის სასამართლოში 11-ჯერ არის შემცირებული სარჩელები, ისევე, როგორც მოსახლეობას უბრუნდება ნდობა სასამართლოს მიმართ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, შესაძლოა, პრეტენზიები და კითხვებიც არსებობდეს.
„რა თქმა უნდა, პრეტენზიები და კითხვები შეიძლება, არსებობდეს, მაგრამ როცა შემოდიან პოლიტიკაში და მაშინვე რადიკალურ პოზიციას იჭერენ, რომ სასამართლოში საქმეები იმერული ხაჭაპურივით ცხვება, ცოტა შეურაცხმყოფელია ბევრი ადამიანისთვის. თუ ვინმე ქვეყანას სთავაზობს უკეთეს მომავალს და ამის კონკრეტული გზები აქვს, სიამოვნებით მოვისმენ. მივესალმე მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ ნიჭიერ ახალგაზრდებს დაეყრდნობა და ხელს შეუწყობს, მოვიდნენ პოლიტიკაში. მე შეიძლება, დიდი მოლოდინი არ მქონდეს ხაზარაძის პოლიტიკური პერსპექტივების, მაგრამ თუ ის ახალგაზრდებს ჩართავს, ეს ძალიან მომწონს, რადგან ახალგაზრდების, ახალი თაობის დემოკრატიული ხედვით ჩართვა მხოლოდ წაადგება ჩვენს ქვეყანას. თუ მის პარტიას არ წაადგება, ქვეყანას ყველა შემთხვევაში წაადგება“, – აღნიშნა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა.
ამასთან, მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ხაზარაძე და ჯაფარიძე ძალიან წარმატებული და ნიჭიერი ხალხი არიან, პოლიტიკას თავისი გამოცდილება სჭირდება.
„რადიკალიზაციას ჩვენი საზოგადოება აღარ ითხოვს. ახლა ითხოვს კონკრეტულ შედეგებს, რომელიც სურს, ქვეყანაზე და პირადად მასზე აისახოს. გუშინ საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციის დროს, მამუკა ხაზარაძემ ძალიან ბევრი ილაპარაკა ანაკლიის პროექტზე და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მისი პოლიტიკაში მოსვლა, პირდაპირპროპორციულად, პირდაპირ კავშირშია ანაკლიის პროექტთან, ანუ ის მოდის ანაკლიის პროექტის განხორციელებისთვის. თავისი ფორმით და შინაარსით – მე ეს დავინახე. ვპასუხობ, ანაკლიის პროექტი, ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეკონომიკურ ნაწილზე რომ არ გელაპარაკოთ, სამხედრო, პოლიტიკური და საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით, ანაკლიის პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ქვეყანამ უკვე ასეულობით მილიონი დახარჯა ბიუჯეტიდან და შეასრულა თავისი ვალდებულებები – იყიდა მიწები, გზა გაიყვანა, რათა კონსორციუმს ჰქონოდა მეტი საშუალება და ეჩვენებინა ინვესტორებისთვის მხარდაჭერა, რომ პროექტის რეალიზება მოეხდინა.