ირაკლი სესიაშვილი - მადლობას ვუხდით პარტნიორებს მუდმივი, თანმიმდევრული და სწორი მხარდაჭერისთვის
გასაკვირი არ არის და ბუნებრივია, როცა დემოკრატიული, ცივილიზებული სამყარო ძალიან მარტივად, პრინციპულად და გასაგებად გმობს რუსეთის აგრესიას ზოგადად, მსოფლიოში და განსაკუთრებით, საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
მისი თქმით, რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
„პირველი – აქ არის პირდაპირ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა. მეორე – ადამიანის უფლებებისადმი ძალიან მძიმე დამოკიდებულება და 21-ე საუკუნეში ის აგრესიული ქცევები, რაც მსოფლიოში დესტაბილიზაციას და ადამიანთა სიცოცხლის მოსპობას იწვევს. ამიტომ სანქციები, მკაცრი მიდგომები და პრინციპულობა ევროპისა და ამერიკის ბუნებრივი რეაქციაა და ასეც უნდა იყოს“, – განაცხადა დეპუტატმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო პარტნიორებს თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„ჩვენს პარტნიორებს, როგორც ამერიკას, ასევე ევროპის ქვეყნებს მადლობას ვუხდით მუდმივი, თანმიმდევრული და სწორი მხარდაჭერისთვის, რაც თავისთავად ცხადია, ასე გაგრძელდება, სანამ რუსეთი დეოკუპაციას არ მოახდენს და საერთაშორისო სამართლის ნორმებში არ მოექცევა“, – განაცხადა სესიაშვილმა.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ინიცირებული ზომები „ჯოჯოხეთის სანქციების“ სახელით არის ცნობილი. დოკუმენტში საუბარია საქართველოსა და უკრაინაზეც. დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოუწოდოს რუსეთს, დაუბრუნოს ყირიმი უკრაინას, შეწყვიტოს პრორუსული ძალების ძალადობის მხარდაჭერა აღმოსავლეთ უკრაინაში, შეწყვიტოს ოკუპაცია და რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალების მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიაზე. ასევე დოკუმენტის ავტორები გამოდიან ინიციატივით, რომ რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდიდან თანხები დაიხარჯოს ევროპისა და აზიის იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთის მავნე ზეგავლენის წინაშე მოწყვლადები არიან. აღნიშნული ფონდის თანხა უნდა მოხმარდეს ამ ქვეყნებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისა და საარჩევნო მექანიზმის კიბერთავდასხმებისგან დაცვას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი სასამართლოსა და პროკურატურის გაძლიერებას, ასევე საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში რუსეთის შეჭრითა და ოკუპაციით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისსა და არასტაბილურობაზე რეაგირებას.