ირაკლი სესიაშვილი - ლაშა ტალახაძე კიდევ ბევრჯერ ააფრიალებს საქართველოს დროშას, მსოფლიო მოისმენს საქართველოს ჰიმნს, ჩვენმა ოპონენტებმა კი საბჭოთა კავშირის ჰიმნს უსმინონ
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, კომიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას უერთდება.
მისივე თქმით, ლაშა ტალახაძე წარმატების და გამარჯვების სიმბოლოა.
სესიაშვილი ამბობს, რომ აბსოლუტურად მიუღებელია პოლიტიკური ქილიკი, როცა საქმე ეხება გამარჯვებულ ჩვენს მოქალაქეს და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას.
„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი მართლაც უერთდება ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას, მხარდაჭერას. ლაშა ტალახაძე, მართლაც, ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილია, წარმატების და გამარჯვების სიმბოლო. ის არის მაგალითი ჩვენი ახალგაზრდების. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია ის უმსგავსო საქციელი, პოლიტიკური ქილიკი, როცა საქმე ეხება მართლაც გამარჯვებულ ჩვენს მოქალაქეს და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას. დარწმუნებული ვარ, რომ ლაშა კიდევ ბევრჯერ ააფრიალებს საქართველოს გამარჯვებულ დროშას, მთელი მსოფლიო მოისმენს საქართველოს ჰიმნს და ჩვენმა ოპონენტებმა უსმინონ საბჭოთა კავშირის ჰიმნს. ეს არის რეალური განსხვავება ამ დამოკიდებულებებში„ ,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა: „ცოდვილი ვარ და შემრისხეთ. ამ სპორტული მხედრიონის გამო ქართული პროფესიული სპორტის გაგონება არ მინდა. აღარ გვინდა, ბატონო ასეთი კუნთიანი და სულამოცლილი ჩემპიონები. მილიონები, რასაც ისინი შეექცევიან, უნდა გადავისროლოთ მასობრივი სპორტის დასაფინანსებლად. ჯანმრთელი მომავალი თაობა მაინც გვეყოლება“.