ირაკლი სესიაშვილი - კრიზისულ პერიოდში ჩვენმა სახელმწიფომ არა მხოლოდ მედეგობა გამოავლინა, არამედ მსოფლიოსაც კარგი მაგალითი მისცა
ქართულმა სახელმწიფომ ძალიან სწორად და გამართულად იმოქმედა, სახელმწიფოების მოქმედება განისაზღვრება კრიზისულ პერიოდში, რამდენად მედეგია და რამდენად შეუძლია, გაუმკლავდეს კრიზისს, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საბიუჯეტო ცვლილებებს განიხილავენ.
მისი თქმით, ქვეყანა ახლა პოსტკრიზისულ პერიოდზე გადადის და ახალ რეალობაში უწევს ცხოვრება, არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს.
„მთლიანად ქართულმა სახელმწიფომ ძალიან სწორად იმოქმედა, გამართულად. საერთოდ მოგეხსენებათ, სახელმწიფოების მოქმედება განისაზღვრება კრიზისულ პერიოდში, რამდენად მედეგია სახელმწიფო და რამდენად შეუძლია, გაუმკლავდეს კრიზისს, რამდენად შეუძლია, საზოგადოებასთან ერთად, რადგან მარტო ხელისუფლების საკითხი არ არის, სახელმწიფო არის ერთიანი სისტემა. მართლაც მისასალმებელია, რომ ჩვენმა სახელმწიფომ არა მხოლოდ მედეგობა გამოავლინა, არამედ მსოფლიოსაც კარგი მაგალითი მისცა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, მათ შორის ექიმებს, სამართალდამცავ ორგანოებს. ხშირად, პოლიტიკური მედია ცდილობს, მადლიერება ერთი მიმართულებით მიმართოს, მაგრამ ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ სისტემა მუშაობს ერთად. ერთმა რგოლმაც რომ სისუსტე გამოავლინოს, ის საერთო კოორდინაციას ზიანს მიაყენებს და დაარტყამს“, – განაცხადა სესიაშვილმა.
დეპუტატის თქმით, სახელმწიფოს მოცემულ ვითარებაში ბიუჯეტში შემცირებები უწევს, რაც საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს.
„ახლა რა ვითარებაც გვაქვს, რომ გვიწევს ბიუჯეტის შემცირება, ესეც ჩვენი საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს. მარტივი ვითარება არ არის. მე მაჟორიტარი ვარ, აქ ვხედავ მაჟორიტარებს და ვხვდებით, რომ რეგიონებში გვიწევს ბიუჯეტების შემცირება, რაც თითოეული ჩვენგანისთვის, მით უმეტეს, მაჟორიტარებისთვის ძალიან მტკივნეული თემაა. როცა დაგეგმილი იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, ინფრასტრუქტურა, წყლის, გაზის, მთელი რიგი მიმართულებიდან გვიწევს მათ შორის ამის შემცირება, რაც რთულია, მაგრამ უნდა ავუხსნათ საზოგადოებას და უნდა ვუთხრათ, რომ ამ ვითარებაში გვჭირდება, კრიზისიდან გამოვიდეთ და გამოვიდეთ ისე, რომ ეკონომიკას დავუტოვოთ საფუძველი, ისევ გაძლიერდეს, შემდგომ მოხდეს იმ სიკეთეების უკან დაბრუნება, რაც მოგვცემს საშუალებას, ყველა გაჩერებული პროექტი ამუშავდეს და ასეც იქნება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.