ირაკლი სესიაშვილი - იმედია, რუსეთი დაბრუნდება ჟენევის მოლაპარაკებებში და ადეკვატურად მოახდენს პასუხისმგებლობებზე რეაგირებას
იმედია, რუსეთი დაბრუნდება ჟენევის მოლაპარაკებებში და ადეკვატურად მოახდენს პასუხისმგებლობებზე რეაგირებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლასთან დაკავშირებით განუცხადა.
სესიაშვილი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლას სამწუხარო ფაქტს უწოდებს.
„ჟენევის საერთაშორისო ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი სამშვიდობო პროცესისთვის და მართლაც სამწუხაროა, რომ კრემლის სახე არის მისი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ზოგადად მშვიდობის პროცესის მიმართ. იმედი მაქვს, რომ ამ ფორმატში რუსეთი დაბრუნდება და ადეკვატურად მოახდენს პასუხისმგებლობებზე რეაგირებას“, – განაცხადა სესიაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, სადაც ოფიციალური თბილისი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, დაუბრუნდეს ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებების მაგიდას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.
როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, მსგავსი ნაბიჯები ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს და ზიანს აყენებს საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის კუთხით.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა.