ირაკლი სესიაშვილი - გასაკვირი არ არის, როცა ოპოზიცია 20 ივნისის აქციაზე დაკავებული პირების პოლიტიკურ მოტივაციებზე საუბრობს, რადგან პოლიტიკური უტიფრობა ახასიათებთ
ირაკლი სესიაშვილი - გასაკვირი არ არის, როცა ოპოზიცია 20 ივნისის აქციაზე დაკავებული პირების პოლიტიკურ მოტივაციებზე საუბრობს, რადგან პოლიტიკური უტიფრობა ახასიათებთ

საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, გასაკვირი არ არის, როცა ოპოზიცია 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების პოლიტიკურ მოტივაციებზე საუბრობს, რადგან მათ პოლიტიკური უტიფრობა ახასიათებთ.

საქართველოს პირველ არხთან საუბარში ირაკლი სესიაშვილი 20 ივნისს დაკავებული პირების პატიმრობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 20 ივნისის მოვლენა მთელი საქართველოსთვის ძალიან მძიმე იყო.

„ოპოზიციამ 20 ივნისი როგორც არ უნდა შეაფასოს, ჩვენთვის ეს ტრაგედია იყო – ადამიანებმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს და თავად მოვლენა ქვეყნის იმიჯის შემლახველი იყო. პოლიტპატიმრობაზე ის ოპოზიცია გველაპარაკება, რომელიც აქციაზე მყოფ ადამიანებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდებდა. მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში უყურებდა, ორი საათის განმავლობაში, როგორ მიმდინარეობდა შტურმი პარლამენტზე, როგორ ძალადობდნენ პოლიციელებზე, როგორ სცემდნენ და შეურაცხყოფდნენ მათ. ამ ფაქტის უარყოფა არ ჯდება რეალობასა და ნორმალურ შეფასებაში. არ მიკვირს, როცა ოპოზიცია საუბრობს პოლიტიკურ მოტივაციებზე, რადგან ამ ადამიანებს პოლიტიკური უტიფრობა ახასიათებთ. დაკავებულებზე რა ზეწოლა უნდა იყოს? ყველაფრის ამსახველი კადრები არსებობს, ამის უარყოფა წარმოუდგენელია. დამნაშავე ის ადამიანები არიან, ვინც რევოლუციური მიზნებისთვის უტიფრად მოუწოდებდნენ ადამიანებს და პოლიციელებზე ძალადობდნენ“, – დასძინა სესიაშვილმა.