ირაკლი სესიაშვილი - გარეჯთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს თავისი წილი ცოდვა მიუძღვით
ირაკლი სესიაშვილი - გარეჯთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს თავისი წილი ცოდვა მიუძღვით

საერთო ეროვნული ინტერესია, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია მოვახდინოთ საერთაშორისო სამართლის მიხედვით – სამართლიანად, ეს ორივე ქვეყნის ინტერსში შედის. ეს არის მთავარი მიზანი, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, დაკავებულ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საკითხის პოლიტიზირებას გარკვეული ძალები ცდილობენ, მათ შორის წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც თავისი წილი ცოდვა მიუძღვით ამ საქმეში, დღეს კი ხელისუფლების მიზანია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოხდეს.

„ცხადია სასამართლოს ან პროკურატურის საქმიანობაში და მათ სტრატეგიაში მე ვერ ჩავერევი, მაგრამ მეორეს მხრივ ვხედავთ, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ ამ საკითხის პოლიტიზირებას. ამ პოლიტიზირებას აქვს თავისი მიზეზები: ჩემი აზრით, ერთი მიზეზი ის არის, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს თავისი წილი ცოდვა მიუძღვით ამ საქმეში. ეს ჩემი აზრია და ცხადია, აქ მათი რეაქცია უფრო თავდაცვით რეაქციას მაგონებს. მეორე-ახლა გიგი უგულავას ძმა რომ გვიმტკიცებს, რომ არ ვარგა ის რუკა, რომლითაც ჩვენ უარს არ ვიტყოდით, რაზეც თვითონ მზად იყვნენ 3 500 ჰექტარის აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე, ეს თუ ვინმესთვის მისაღებია, მაშინ გამოხატონ თავიანთი თუნდაც პოლიტიკური პოზიცია, მაგრამ ის რომ ამ არსებული რუკებით, რომლებიც იყო როგორც ჩანს გადამალული, ჩვენ ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვას უკეთ შევძლებთ, ეს არის ფაქტი. მე დაველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.