ირაკლი სესიაშვილი - ევროპარლამენტარებმაც იციან, რომ უგულავამ, ოქრუაშვილმა და სხვებმა დანაშაული ჩაიდინეს, გარკვეული დეპუტატების შეფასებები შესაძლოა, იყოს მათი პოლიტიკური ინტერესი
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საზოგადოებამ კარგად იცის და ევროპარლამენტარებისთვისაც ცნობილია, რომ გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა დანაშაული ჩაიდინეს.
მისივე თქმით, ის შეფასებები, რაც ევროპარლამენტარებისგან ისმის, შესაძლოა, მათი სუბიექტური დამოკიდებულებიდან, პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარეობს.
„როცა ვსაუბრობთ გარკვეული ადამიანების გათავისუფლება-არგათავისუფლებაზე, უპირველესად ვთქვათ, რომ კანონის უზენაესობა არის ყველაზე მთავარი. მეორე – ჩვენ საკუთარ ხალხთან, ჩვენს საზოგადოებასთან უნდა ვიყოთ მართალი. ის, რომ ბატონმა უგულავამ, ოქრუაშვილმა და სხვებმა დანაშაული ჩაიდინეს, ეს საზოგადოებამ ჩემზე კარგად იცის და ევროპარლამენტარებმაც იციან.
დანარჩენი, რა შეფასებებსაც ვისმენთ გარკვეული, კონკრეტული დეპუტატების, ევროპარლამენტის წევრების მხრიდან, ეს შეიძლება იყოს მათი სუბიექტური დამოკიდებულება, ეს შეიძლება იყოს მათი პოლიტიკური ინტერესი. ამას აქამდეც ვისმენდით და სავარაუდოდ მომავალშიც მოვისმენთ, თუმცა მთავარია, ჩვენს საზოგადოებასთან ვიქნებით თუ არა მართალი, რადგან ხელისუფლება პასუხისმგებელია უპირველეს ყოვლისა საკუთარ ხალხთან“, – განაცხადა სესიაშვილმა.
ამასთან, სესიაშვილი მიიჩნევს, რომ უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა საფუძვლიანია.
„ამიტომ ის, რაც მოხდა და პრეზიდენტმა შეიწყალა ეს ორი დამნაშავე, საზოგადოების გარკვეული, მნიშვნელოვანი ნაწილის კრიტიკა გამოიწვია. ეს კრიტიკა უნდა მივიღოთ. მეც ვიღებ იმიტომ, რომ როცა ადამიანი იპარავს, როცა ადამიანი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადის დანაშაულს და შემდეგ ასეთ ადამიანებს იწყალებენ, სხვას პროტესტი უჩნდება“, – განაცხადა სესიაშვილმა.