აუცილებელია, თითოეული ჩვენგანი მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ისეთი სენსიტიური საკითხების გაშუქებას, რომელმაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს და საერთაშორისო არენაზე შეიარაღებული ძალების იმიჯი შელახოს, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ზოგიერთ მედიასაშუალებას ჰქონდა თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მცდელობა. ირაკლი სესიაშვილი ლევან იზორიასა და მის გუნდს მხარდაჭერას უცხადებს.
„მინდა გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში ზოგიერთი მედია საშუალების მიერ თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მცდელობას, როდესაც სახეზე გვაქვს მოვლენების ცალმხრივად და ზედაპირულად გაშუქების ფაქტები. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ნებისმიერი დარღვევისა და გადაცდომის შემთხვევაში, სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მიერ რეაგირება არის დროული და ადეკვატური.
მინდა, მხარდაჭერა გამოვხატო თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიასა და მისი გუნდის მიერ სტრუქტურაში გატარებული რეფორმებისა და პოლიტიკის მიმართ. დღეს, როდესაც საქართველოს ნატო-ში გაწევრებისთვის აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, ამ ინტეგრაციის გზაზე უდიდესი კონტრიბუტორის – შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინსიტროს დისკრედიტაცია ყოვლად დაუშვებელია და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეს შეიძლება უნდოდეს.“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, თავდაცვის სამინისრტოში ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა. კერძოდ, მოხდა სამინისიტროსა და შეიარაღებული ძალების სტრუქტურის ოპტიმიზაცია.
„გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ორგანიზების ხედვა დაეფუძნება „ტოტალური თავდაცვის“ ახლებურ ხედვას და ამ ხედვის ნაწილია რეზერვის ახალი საპილოტე პროგრამა, რომელიც დაწყებულია და მასში უკვე აქტიურად ჩაერთვნენ ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის სტუდენტებიც. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნისა და ნატო-სთან თავსებადობის ხარისხმა უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.
ხორციელდება შეიარაღებული ძალების უახლესი ტანკსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვისა და ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვა, საწვრთნელი და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება. მსურს, აღვნიშნო ასევე, რომ ცოტა ხნის წინ დავბრუნდი ვაშინგტონიდან, სადაც ჩემს კოლეგებთან ერთად ვმონაწილეობდი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, სადაც აშშ-ის თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს თავდაცვის სფეროში მიღწეული პროგრესი“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისი თქმით, ამას გარდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების მხარდამჭერი არა ერთი განცხადება გაკეთდა ცოტა ხნის წინ გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებშიც.
„კერძოდ, ნატო-ს მოკავშირე ქვეყნები მიესალმებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესს, რაც უფრო ეფექტურ თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტებსა და მოდერნიზებულ შეიარაღებულ ძალებს გულისხმობს.
აშშ-ს მხრიდან მკაფიოდ და ღიად იქნა აღიარებული თავდაცვის მინისტრის მიერ გატარებული რეფორმები და მან ამისთვის მინისტრს მადლობა გადაუხადა. მეტიც, აღნიშნული რეფორმები თავდაცვის მდივნის თქმით სამაგალითოა, როგორც ნატოს პარტნიორი ასევე წევრი ქვეყნებისთვისაც.
ამერიკისგან მოხდა მყარი პირობის მიღება და შეთანხმება რომ ის გააგრძელებს საქართველოს დახმარებას რუსეთის აგრესიის შეკავების საქმეში, რაც აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების სფეროში დახმარებითა და იმ თავდაცვის ინიციატივების მხარდაჭერაში გამოიხატება, რაც მინისტრ იზორიას მიერ გაცხადდა.
თავდაცვის სამინისტროში წარმატებული რეფორმების შესახებ მეტყველებს ნატოს სპეციალური წარმომადგენელის, ჯეიმს აპატურაის უპრეცედენტოდ ღია მხარდაჭერა, როდესაც მან აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის სფეროს რეფორმირების მიმართულებით დასახული ამოცანა ძალიან კარგად შეასრულა.
ნატო-საქართველოს კომისიაზე ასევე დადებითად შეფასდა მინისტრ იზორიას მიერ წარდგენილი ახალი ინიციატივები ნატო-საქართველოს შემდგომი დაახლოებისა და თანამშრომლობის ფორმატთან მიმართებით. კერძოდ, აშშ-მ პოზიტიურად შეხვდა ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრის შექმნის ინიციატივას. ჯამში, დინამიკა არის ცალსახად მზარდი და ნატოს ყოფნა საქართველოში უფრო ხილვადი ხდება. მომავალ წელს ჩატარდება უპრეცედენტო მასშტაბის ნატო-საქართველოს წვრთნები და მრავალეროვნული სწავლება – მტკიცე სული. ეს ყოველივე არის მკაფიო პოლიტიკური და პრაქტიკული გზავნილი, რომ ჩვენ ევროატლანტიკური გუნდის ნაწილი ვართ.
გარდა ამისა, სწორედ ბატონ ლევან იზორიას მინისტრობის პერიოდში განსაკუთრებით განვითარდა საპარლამენტო თანამშრომლობა თავდაცვის სამინისტროსთან. ჩვენი შეირაღებული ძალების განვითარება ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხო განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია. ამიტომ, აუცილებელია თითოეული ჩვენთაგანი უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ისეთი სენსიტიური საკითხების გაშუქებას, რომელმაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას ზიანი მიაყენოს და შეიარაღებული ძალების იმიჯი შელახოს საერთაშორისო არენაზე“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილი.