ირაკლი სესიაშვილი - აშშ-თან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, არანაირ სანქციებს არ ველოდებით
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გიგი უგულავასთან დაკავშირებით ტეხასის შტატის კონგრესმენის, რენდი უებერის წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამერიკელი, თუ ევროპელი კოლეგების განცხადებებს ყურადღებით ეცნობიან.
თუმცა, სესიაშვილის თქმით, ერთია, პოლიტიკური პროცესი და მეორეა, კანონის უზენაესობის დაცვა.
სესიაშვილის განმარტებით, ნებისმიერმა ადამიანმა, იქნება ეს პოლიტიკოსი თუ სხვა, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პასუხი უნდა აგოს.
„ამერიკელი, თუ ევროპელი კოლეგების განცხადებებს ყურადღებით ვეცნობით და მხედველობაში ვიღებთ, თუმცა ერთია, პოლიტიკური პროცესი და მეორეა, კანონის უზენაესობის დაცვა. არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკოსია თუ არა, თუ დანაშაული ჩაიდინა, მან პასუხი უნდა აგოს და ეს სამართლებრივი სახელმწიფოს ვალდებულებაა“ ,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ამასთან, სესიაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას დიალოგი შესთავაზა, თუმცა მათი პოზიცია რადიკალურია და პროცესის დესტრუქციისკენ არის მიმართული.
„რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესზე ეჭვებს, ამ თვალსაზრისით არსებობს როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მხარე. ჩვენი მხრიდან დიალოგია შეთავაზებული. ოპოზიციის მხრიდან რადიკალურ პოზიციებს ვხედავთ, რაც მიმართულია პროცესის დესტრუქციისკენ. ადგილი აქვს სხვადასხვა გამოსვლებს, სადაც არის აგრესიული გამოსვლები, გარკვეული მოწოდებებიც, რაც არ ახდენს სიტუაციის დეესკალაციას. ჩვენი ინტერესია, დიალოგის წარმართვა. ერთია, ცალკეული კონგრესმენების მიერ დაყენებული საკითხები, მაგლითად, „ფრონტერაზე“ იცით, რომ საქმე საარბიტრაჟო სასამართლოშია და ჩემი კომენტარი ზედმეტია. ცხადია, სახელმწიფომ თავისი ინტერესები უნდა დაიცვას. სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, სახელმწიფო ისე მოიქცევა. ცალკეული კონგრესმენებისგან იქნება, თუ ევროპარლამენტარების მხრიდან რაიმე სანქციებზე საუბარი, ეს მათი სუბიექტური პოზიციაა, მეორეა, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა“ ,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
სესიაშვილის განცხადებით, აშშ-საქართველოს შორის დღეს კარგი ურთიერთობა არსებობს და რაიმე სანქციები მოსალოდნელი არ არის.
„იცით, რომ ამერიკასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. ამერიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მათი მხარდაჭერა ფასდაუდებელია. ამერიკამ საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტით 170 მილიონი დოლარი გამოუყო, რაც რეკორდული თანხაა. ეს მიანიშნებს მეტ თანამშრომლობას და პარტნიორობას, შესაბამისად, არანაირ სანქციებს არ ველოდებით“ ,- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.