ირაკლი სესიაშვილი - არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე უმცირესობის რეზოლუციის წინადადებები ქვეყნისთვის თუ მისაღები იქნება, მხარს დავუჭერთ
ოკუპირებულ ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტში ორი რეზოლუციის პროექტი მზადდება. ერთ-ერთი რეზოლუციის პროექტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ შემუშავდა, თუმცა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, თუ საპარლამენტო უმცირესობის წინადადებები ქვეყნისთვის მისაღები იქნება, მმართველი გუნდ მას მხარს დაუჭერს.
„ყველას ვურჩევ, იქ სადაც სახელმწიფო ინტერესების კონსოლიდირება გვჭირდება, ნუ მოვახდენთ საკითხების პოლიტიზებას, ორიენტირება ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე მოვახდინოთ. ჩვენ, უმრავლესობა მზად ვართ, გავაგრძელოთ მსჯელობა პარლამენტის ფარგლებში და თუ საპარლამენტო უმცირესობის წინადადებები მისაღები იქნება ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ და მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ ყველა პოლიტიკური ძალა მზად იქნება, საერთო სახელმწიფო ინტერესების კონსოლიდირებისთვის.
„ჩვენ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ყველას საერთო პოზიცია გაგვაჩნია, ამიტომ აქ საუბარი, მსჯელობა და შეჯიბრი რეზოლუცია უმრავლესობის იქნება, თუ უმცირესობის, არ არის სწორი. დარწმუნებული ვარ, ყველა პოლიტიკური ძალა მზად არის იმისათვის, რომ საერთო სახელმწიფო ინტერესების კონსოლიდირება მოხდეს და მტკიცე პოლიტიკური პოზიცია დააფიქსიროს. საპარლამენტო უმრავლესობა თავის რეზოლუციას დაუჭერს მხარს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიმსჯელებთ იმ წინადადებებზე, რომელსაც საპარლამენტო უმცირესობა, ან სხვა პოლიტიკური ძალა შემოგვთავაზებს“, – განაცხადა სესიაშვილმა.
ოკუპირებულ ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი რეზოლუციის პროექტს ამზადებს.