ირაკლი როსტომაშვილი - ქვეყნის მშპ-ის ნახევარს სამშენებლო სექტორი ქმნის
თუ განვიხილავთ სამშენებლო სექტორს, როგორც ლოკომოტივს, რომელზეც ეკონომიკის სხვა დარგებია მიბმული, ის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) თითქმის ნახევარს ქმნის, – ამის შესახებ მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი როსტომაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განცხადა.
გადაცემაში დღეს სამშენებლო სექტორზე საბანკო და სამშენებლო რეგუალციების გავლენა განიხილეს.
გადაცემის თანაწამყვანმა კომპანია „გურიელის“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჭკუასელმა სამშენებლო სექტორის მაკროეკონომიკურ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და შესაბამისი სტატისტიკა წარადგინა. აღნიშნული მაჩვენებლები „საერთაშორისო გამჭვირვალება – საქართველოს“ კვლევას ეყრდნობა, რომელიც სამშენებლო სექტორს 2018 წლის მდგომარეობით მიმოიხილავს. მოცემული სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ სამშენებლო სექტორში დასაქმებულია 71 600 კაცი და საშუალო ხელფასი 1500 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, კვლევა ხაზს უსვამს, რომ სამშენებლო სექტორში მონოპოლია და ოლიგოპოლია არ შეინიშნება.
„ამაზე უნდა გვესაუბრა, რომ წარმოვიდგინოთ, რამდენად მნიშვნელოვანი დარგია სამშენებლო სექტორი და რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის“, – განაცხადა ჭკუასელმა.
როსტომაშვილი კი მიიჩნევს, რომ სამშენებლო სექტორი, ფაქტობრივად, ეკონომიკური დარგებისთვის ლოკომოტივს წარმოადგენს და ამ გადასახედიდან, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარს ქმნის.
„მე არ ვარ ეკონომისტი და ფინანსისტი, მაგრამ ყოველთვის, გათვლებით სამშენებლო სექტორი მშპ-ში ცალკე განიხილება, ვაჭრობა და მრწველობა კი – ცალკე. ჩვენ თუ განვიხილავთ სამშენებლო სექტორს, როგორც ლოკომოტივს, რომელზეც მიბმულია ერთის მხრივ არმატურის წარმოება, ცემენტის წარმოება, მეორეს მხრივ – სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი, რასაც მოყვება საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ეს ქმნის, პრაქტიკულად მშპ-ს ნახევრს. ჩვენ სტატისტიკას ვაწარმოებთ და თბილისი მონაცემებით, პირობითად ერთი გაყიდული საშუალო ბინა წლის განმავლობაში დაახლოებით 5-6 ადამიანს ასაქმებს. ეს გულისხმობს არქიტექტორს, მაღალი რანგის მენეჯერს, მუშას და ხელოსანს“, – განმარტა როსტომაშვილმა.