ირაკლი ქურასბედიანი - კოდორის შესანარჩუნებლად ძალები საკმარისი იყო, მაგრამ მართვა, კონტროლი ბოლო დღეებში მოიშალა, არის მეორე მომენტიც, შეიძლება, დამდგარიყო ულტიმატუმი, დათმეთ ან თბილისისკენ გავაგრძელებთ სვლას
ომი არის ორი რამ, მართვა და დაგეგმარება. სამწუხაროდ, ბოლო დღეებში ეს ყველაფერი ჩვენთან რეალურად იყო მოშლილი, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვიცე-პოლკოვნიკმა, ირაკლი ქურასბედიანმა განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხშირია საუბარი და ზოგჯერ ამას გარკვეულ დანაშაულადაც უთვლიან, აყვედრიან წინა ხელისუფლებას, რატომ დატოვა ქართულმა ქვედანაყოფმა კოდორის ხეობა უბრძოლველად, ირაკლი ქურასბედიანმა აღნიშნა, რომ ძალები საკმარისი იყო, მაგრამ მომზადება ვერ მოესწრო.
„ომი არის ორი რამ, მართვა და დაგეგმარება. სამწუხაროდ, ბოლო დღეებში ეს ყველაფერი ჩვენთან რეალურად იყო მოშლილი. ძალები საკმარისი იყო, უკანა თარიღით ყველანი ექსპერტები ვართ და ყველა ჭკვიანი ვართ, იმ მომენტში ყველა სხვანაირად იღებს გადაწყვეტილებას, რთულია. ძალები, ცალკე აღებული კოდორისთვის და არა მარტო კოდორისთვის, საკმარისი იყო სვანეთის შესანარჩუნებლად, მაგრამ საქმე ის იყო, რომ ვერ მოესწრო მომზადება ხაიშსა და ზუგდიდს შორის. ამ დროს ერთადერთი გზა არის და მარტივად შეიძლებოდა ამის გაკეთება, მაგრამ მართვა, კონტროლი ბოლო დღეებში საკმაოდ მოშლილი იყო. ეს არ არის დიდი საიდუმლოება და ვერ მოესწრო გარკვეული ძალების გამოთავისუფლება კოდორიდან, მიღებულიყო გადაწყვეტილება, რომ გადაკეტილიყო ეს გზა. ეს წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, რისი გაკეთება შეიძლებოდა. მაგრამ მეორე მომენტი იყო, ჩვენ შეიძლება, ჩაგვეკეტა ეს ყველაფერი, თავისუფლად შევძლებდით მოწინააღმდეგის გამკლავებას, მოწინააღმდეგეს კოდორისა და სვანეთის აღების არანაირი საშუალება არ ჰქონდა. იყო ერთი გზა, ავაფეთქებდით და დამთავრდებოდა ყველაფერი, ავიაცია იქ ვერ მოქმედებს და არტილერია ვერ წვდებოდა, მაგრამ მეორე მომენტი იყო, შეიძლება, დამდგარიყო ულტიმატუმის სახით, ან დათმეთ, ან თბილისისკენ გავაგრძელებთ სვლას, მათთვის მნიშვნელოვანი იყო კოდორის დაკავებაც“, – განაცხადა ქურასბედიანმა.