ირაკლი ქორიძე - შეიძლება შევეწირო ამ საქმეს, მაგრამ სამართლიანობას მაინც აღვადგენ
მე შეიძლებ შევეწირო ამ საქმეს, მაგრამ სამართლიანობას მაინც აღვადგენ, – ამის შესახებ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შენახვისთვის ბრალდებულმა ირაკლი ქორიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება.
როგორც ქორიძემ აღნიშნა, დანაშაული, რომელშიც ბრალი ედება არ ჩაუდენია.
“ამ ხნის განმავლობაში თუ რამე დანაშაული ჩამიდენია 2013 ან 2014 წელს იყო. მაშინ ჩავიდინე, როცა გავიგე, რომ ჩემი საქმის ყოფილი გამომძიებელი ლევან გენგაშვილი, რომელიც ამაყობდა, რომ მე გავაკეთე ეს საქმეო, დაინიშნა ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსად. მივაკითხე, ქვემოდან რომ დავუძახე ვინც ვიყავი, არ მიმიღო. ვუთხარი 10 წუთი გაქვს, ან მიმიღებ, ან მანდ აღარ იჯდები-თქო. წრეებს არტყამდნენ ისანი-სამგორის პოლიციას. დაიცალა შენობა. ვეუბნებოდი: შენ შვილები გყავს-თქო? ან დაიფიცე, თუ მე ეს დანაშაული ჩადენილი მქონდა, უკანასკნელი კაცი ვიყო, გავალ ბოდიშს მოგიხდი-თქო. თუ არადა… იქ მე მას სიტყვები ვუთხარი, ეს დარბაზი არ არის ამის ღირსი, გავიმეორო. ეს ამბავი მიმდინარეობდა დაახლოებით, 55 წუთი. ეს იცის მთელმა თბილისმა და მთელმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ამის მერე მოხდა კიდევ ერთი კაცის “მგლის ბილეთით” გაშვება იმ ჯგუფიდან. “, – განაცხადა ქორიძემ.
ირაკლი ქორიძემ შსს-ს მიმართა, რომ ძველი კადრებისგან გაწმინდონ სამინისტრო.
„მინდა, მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, დროზე გაიწმინდოს კადრები ძველი ურჩხულებისგან. თუ ეს დანაშაული მე ჩადენილი მაქვს, მაშინ მომისაჯეთ რამდენი წელიც გინდათ. მე ეს დანაშაული არ ჩამიდენია. რომ მითხრან უვადო მუხლს მოგისჯიანო, არც საპროცესოზე წავალ, შეიძლება შევეწირო ამ საქმეს, სამართლიანობას მაინც დავაყენებ, აღარც ჩადება იქნება და აღარც დაბრალება. მე მაშინაც ბევრი ალტერნატივები მქონდა. ამნისტიის პირველი სიიდან რომ ჩემი გვარი გაქრა, იმის მერე სამჯერ მომიტანეს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საბუთი და სამჯერვე უარი ვთქვი, რაც დავადოკუმენტე. ამნისტიის აქტის მეორე სია რომ აღარ შედგა, ეს საბუთები გამოიყენა ადამიანის უფლებათა კომიტეტმა შეწყალებისთვის. ასეთი დასკვნა არც ერთი პოლიტპატიმრის საქმეში არ დევს”, – განაცხადა ქორიძემ.
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) საქმესთან დაკავშირებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირაკლი ქორიძე 30 მარტს დააკავეს.