ირაკლი ქარსელაძე - ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული არც ერთი პროექტი ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადატანას არ უკავშირდება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული არც ერთი პროექტი ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადატანას არ უკავშირდება, – ამის შესახებ დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ და გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონებში პროექტები გეგმის მიხედვით და წინასწარ დასახული პრიორიტეტებით მიმდინარეობს.
ამასთან, ქარსელაძის ინფორმაციით, ხეების გადასატანად ცალკეული საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაციისთვის თანხა ფონდმა „ქართუმ“ გამოყო. ამ გზით სარგებლობა ახლა მოსახლეობასაც შეუძლია.
“სიცრუა, რომ ერთი ლარი მაინც არის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტიდან რომელიმე იმ გზის მოსაწყობად, რომელიც განკუთვნილი იყო ხეების გადასატანად და ამით თითქოს რაიმე შეღავათს ვუწესებთ ბიძინა ივანიშვილს. საგზაო დეპარტამენტი, ისევე როგორც მისი ყველა რეგიონული წარმომადგენლობა, აწარმოებს სამუშაოებს კანონპროექტის სრული დაცვით. ყველა პროექტი, რომელიც ხორციელდება და ვითარდება ან განხორციელდება, მიესადაგება იმ მოთხოვნებს, რომელიც დადგენილია სივრცითი მოწყობის გეგმის მიხედვით და ასევე სხვა გეგმების შესაბამისად. ხეების გადაზიდვა-გადატანის ხელშეწყობასთან განხორციელებულ პროექტებს არავითარი კავშირი არ აქვს”,- აღნიშნა ქარსელაძემ.