ირაკლი ქარსელაძე - ბეჩო-ტურბაზას მონაკვეთზე სამუშაოები ნოემბრის ბოლომდე დასრულდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გზების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ ბეჩო-ტურბაზას 7 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები ნოემბრის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ ქარსელაძემ ბეჩოს მცხოვრებთა საპროტესტო აქციის კომენტირებისას განაცხადა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადები კონტრაქტორი ორგანიზაციების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა ამ ეტაპზე პრობლემა მოგვარებულია.
„აბსოლუტურად გაუგებარია დღევანდელი აქციის მოთხოვნები, მაშინ როცა ერთი კვირაა კონტრაქტორი აქტიურად მუშაობს, ტექნიკა მობილიზებულია და ხვალ უკვე იწყება ასფალტის დაგება. წინა კვირას შევთანხმდით კონტრაქტორთან, რომელმაც აიღო ვალდებულება, რომ ნოემბრის ბოლომდე მორჩება ამ პროექტს. კომპანიას დაეკისრა შესაბამისი საჯარიმო სანქცია 28 000 ლარის ოდენობით, რაც კონტრაქტის შესაბამისად იყო გათვალისწინებული. ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რადგან კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, კლიმატური პირობების გათვალისწინებით და ასევე სატენდერო პროცედურების დაცვით, შეუძლებელი იქნებოდა გაზაფხულამდე სამუშაოების განახლება.
როდესაც ტექნიკა ადგილზეა და იწყება ასფალტის დაგება, ამ ფონზე გზის გადაკეტვა ნამდვილად არ არის ის ფორმა, რომელიც ობიექტის უფრო ადრე დასრულებას შეუწყობს ხელს. მოვუწოდებ ყველას, ხელი არ შეუშალონ სამუშაოებს და ნოემბრის ბოლოს ბეჩო-ტურბაზის მოსახლეობას რეალურად ექნება დასრულებული, ასფალტირებული გზა“, – განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ.
ბეჩო-ტურბაზა-შიხრას საავტომობილო გზის რეაბილიტაციის გაჭიანურების გამო, მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა.