ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ქომაგებისთვის კიოლნიდან საქართველოში დასაბრუნებელ სუბსიდირებულ, დამატებით სამ რეისზე ბილეთების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურის დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ქომაგებისთვის კიოლნიდან საქართველოს მიმართულებით სუბსიდირებულ დამატებით სამ რეისზე ბილეთების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება.
მისივე თქმით, რეისები პირველ და ორ ივლისს შესრულდება.
„მინდა, წარმატებები ვუსურვო საქართველოს ნაკრებს და დარწმუნებული ვარ, ერთი თამაშით არ შემოვიფარგლებით. ჩვენ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, პრემიერის დავალებით, უზრუნველვყავით ჯგუფური ეტაპისთვის ჯამში 42 რეისი თბილისიდან და ქუთაისიდან. უკვე პლეი ოფისთვის, ახალი თამაშისთვის დავამატეთ შვიდი ჩარტერული რეისი. ოთხი უკვე გაყიდვაშია, ხოლო სამი რეისი, პირველ და ორ ივლისს გამოფრენა, tkt.ge-ზე ხვალიდან დაემატება. მოთხოვნა არის ძალიან დიდი და ვცდილობთ, მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ. დარწმუნებული ვარ, როგორიც წინა თამაშებზე, ანალოგიური შემართებით დავუდგებით ჩვენს გუნდს გვერდით და გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ქარქაშაძემ.
ცნობისთვის, საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქომაგებისთვის სუბსიდირებულ ოთხ ჩარტერულ რეისზე ბილეთების შეძენა დღეს დაიწყო. ფრენები კიოლნის მიმართულებით 29 და 30 ივნისს შესრულდება. ერთი გზის ღირებულება, წინა სუბსიდირებული რეისების მსგავსად, 195 ევროს შეადგენს.