ირაკლი ქარქაშაძემ ბრიტანული კომპანია SITA-ს ხელმძღვანელებთან სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მგზავრების დაშვების ავტომატური კონტროლის მექანიზმის დანერგვის საკითხი განიხილა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე საქართველოში ვიზიტით მყოფი ბრიტანული კომპანია SITA – Advanced Travel Solutions-ის ტოპ-მენეჯმენტს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს აეროპორტებისთვის SITA – Advanced Travel Solutions-ის სხვადასხვა მომსახურებისა და ციფრული დანადგარების მიწოდებას. მათ შორის, განიხილეს, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მგზავრების დაშვების ავტომატური კონტროლის მექანიზმის დანერგვა.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი SITA – Advanced Travel Solutions-ის ერთ-ერთი სერვისით უკვე სარგებლობს, რაც პარტნიორ აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს შორის სპეციალური საფრენოსნო შეტყობინების მიმოცვლის სისტემით სარგებლობას გულისხმობს.
ლონდონში დაფუძნებული ბრიტანული კომპანია SITA სატრანსპორტო ინდუსტრიის საერთაშორისო IT-პროვაიდერია. კომპანია გლობალური ლიდერია Passanger management system-ის მიმართულებით, რომელიც აეროპორტებში მგზავრთა მომსახურებისა და ფრენების ოპერირების გაუმჯობესების მიზნით აეროპორტის ოპერატორ კომპანიებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს. SITA-ს ტოპმენეჯმენტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების შემდეგ შეხვედრებს შესაბამის უწყებებთან გამართავს.
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.