ირაკლი ქარქაშაძე - საქართველოს არცერთი აეროპორტი არ მოემსახურება არცერთ სანქცირებულ საავიაციო ხომალდს ან ავიაკომპანიას
ირაკლი ქარქაშაძე - საქართველოს არცერთი აეროპორტი არ მოემსახურება არცერთ სანქცირებულ საავიაციო ხომალდს ან ავიაკომპანიას

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია თუ ავიახომალდი არ შემოვა საქართველოს აეროპორტებში, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი ქარქაშაძემ აღნიშნა, საქართველოს არცერთი აეროპორტი, არც თბილისის, არც ქუთაისისა და არც ბათუმის აეროპორტები არ მოემსახურებიან არცერთ სანქცირებულ საავიაციო ხომალდს ან ავიაკომპანიას.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, დაშვება იმის, რომ შეიძლება, სანქცირებული თვითმფრინავი გამოფრინდეს, არ ნიშნავს, რომ ჩვენ მას მოვემსახურებით. კომპანიები, რომლებზეც ნებართვა გასცა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ – და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს პრეროგატივა – არ არიან სანქცირებული არც აშშ-ისა და არც ევროკავშირის მიერ“, – განაცხადა ქარქაშაძემ.

კითხვაზე, რა ბერკეტი აქვს აეროპორტს, გააკონტროლოს, იმყოფება თუ არა უშუალოდ ბორტზე სანქცირებული პირი, ქარქაშაძემ აღნიშნა: „რაც შეეხება უშუალოდ ფიზიკურ პირებს, ამისთვის საქართველოს აეროპორტების გაერთიანება არ არის ის ორგანო, რომელიც ამას აკონტროლებს. ჩვენ ვართ აეროპორტების ოპერატორები. ამისთვის არსებობს სხვადასხვა უწყება, რომელიც აკონტროლებს მსგავს საკითხებს და არეგულირებს ჩვენს სახელმწიფოში“.