ირაკლი ქარქაშაძე - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ისტორიული 2023 წელი საერთაშორისო რეიტინგებშიც აისახა და, შედეგად, საშუალო სიდიდის აეროპორტების კატეგორიაში ვართ
ირაკლი ქარქაშაძე - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ისტორიული 2023 წელი საერთაშორისო რეიტინგებშიც აისახა და, შედეგად, საშუალო სიდიდის აეროპორტების კატეგორიაში ვართ

აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) იანვრის რეიტინგში ევროპის 450 აეროპორტს შორის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მესამე ადგილზე მოხვდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის შეფასებით, 2023 წლის მილიონ 700 ათასამდე მგზავრით დახურვამ და მკვეთრმა ზრდამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საერთაშორისო რეიტინგებში მცირე ზომის აეროპორტიდან საშუალო სიდიდის აეროპორტების კატეგორიაში გადანაცვლება გამოიწვია.

„ACI-ს განახლებული კლასიფიკაციით, საშუალო ზომის აეროპორტებს მიეკუთვნება მსოფლიოს ყველა აეროპორტი, რომელიც წლიურად ერთიდან 10 მილიონამდე მგზავრს ემსახურება. საუბარია ევროპის 450 საშუალო სიდიდის აეროპორტზე. ქუთაისის აეროპორტში 2023 წელს თითქმის მილიონ 700 ათასამდე მგზავრმა ჩვენი აეროპორტის ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა და საერთაშორისო აღიარებაც მოუტანა“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ACI-ის 2023 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი იმ აეროპორტების გვერდით მოხვდა, რომლებმაც მკვეთრი ზრდა განიცადეს. ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წელს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 91%-ით გაიზარდა და ევროპის აეროპორტებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც მცირე აეროპორტებიდან საშუალო აეროპორტების კატეგორიაში გადაინაცვლა. საუბარია ACI-ის წევრ იმ აეროპორტებზე, რომლებიც წლიურად ერთიდან 10 მლნ-მდე მგზავრს ემსახურებიან.

ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.