ირაკლი ქარქაშაძე - მეოთხე ბაზირებული ხომალდით ქუთაისის აეროპორტი Wizz Air-ის მცირე ბაზიდან საშუალო ბაზად გადაიქცა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა ავიაკომპანია Wizz Air-მა საჰაერო ხომალდების რაოდენობა ოთხამდე გაზარდა და ქუთაისი-კოპენჰაგენი-ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების შესრულება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ეს არის ის უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი წლის მანძილზე აორმაგებს ბაზირებული საჰაერო ხომალდების რაოდენობას და ახალ მიმართულებებს ამატებს.
„მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ევროკავშირის სტატუსის მოპოვება. სიმბოლურია, რომ დღეს, 27-ე მიმართულებით დაიწყო ფრენები ქუთაისიდან ევროკავშირის მიმართულებით. კოპენჰაგენი არის კიდევ ახალი შესაძლებლობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რომ მგზავრებმა უფრო კომფორტულად, მოქნილად და შეღავათიან ფასებში იმგზავრონ ევროპის მიმართულებით. მეოთხე ბაზირებულმა ხომალდმა საშუალება მოგვცა ქუთაისის აეროპორტი Wizz Air-ის მცირე ბაზიდან საშუალო ზომის ბაზად გადაქცეულიყო. რაც შემდგომი სტაბილური განვითარებისა და ზრდის წინაპირობაა“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ირაკლი ქარქაშაძის განმარტებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არის ძალიან მზარდი და მოთხოვნადი აეროპორტი და საქართველოდან ევროპაში ყველაზე მეტი პირდაპირი მიმართულებით ავიამიმოსვლა სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება.