ირაკლი ქადაგიშვილი - ზურაბიშვილის ვიზიტი ვერ იქნება გადამწყვეტი სტატუსისთვის, მაგრამ გადამწყვეტი იქნება პოლარიზაციის გაღრმავებისთვის, კეთილი ინებოს და კონსტიტუციური ფუნქციები შეასრულოს
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის საგარეო ვიზიტები ვერ იქნება გადამწყვეტი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება-არმინიჭებისთვის, მაგრამ გადამწყვეტი იქნება პოლარიზაციის გაღრმავებისთვის.
„კონსტიტუციის დარღვევა და ვიზიტის წარმატებულობა ორი აბსოლუტურად სხვადასხვა რამაა. როცა კონსტიტუციაში სულ სხვა რამ წერია და შენ აკეთებ სულ სხვა რამეს, რადგან დღეს პოლიტიკურად ფიქრობ, რომ ასე გაწყობს, საბოლოო ჯამში, ეს კარგად არ იმოქმედებს არცერთ და არც მეორე საკითხზე. სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ვერ იქნება გადამწყვეტი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება-არმინიჭებისთვის, მაგრამ გადამწყვეტი იქნება პოლარიზაციის გაღრმავებისა და შემდგომი პოლარიზაციის გაშლისთვის. ამიტომ პრეზიდენტმა კეთილი ინებოს და თავისი კონსტიტუციური ფუნქციები შეასრულოს, ნუ იქნება დაპირისპირებული და ჯინაში ნუ ჩაუდგება აღმასრულებელ ხელისუფლებას, მთავრობას, რომელიც არის ის კონსტიტუციური ინსტიტუცია, რომელსაც ევალება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შემუშავება, წარმართვა, მაგრამ ის ამას არ ეგუება. იმიტომ არის სულ სხვა პოლიტიკურ რელსებზე გადაყვანილი და ამის გამო კონსტიტუციის დარღვევა მას უღირს. ჰგონია, რომ რაიმე სიკეთეს აკეთებს. ამ შემთხვევაში, ის სიკეთეს აკეთებს იმ რადიკალური ოპოზიციისთვის, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ფარისევლობით არის დაკავებული და რეალურად, მათ არ სურთ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში კიდევ ერთი პროგრესი მიიღოს საქართველომ.
დააკვირდით ოპოზიციას, არ მოსწონს არცერთი მშენებლობა, ეკონომიკური ზრდის არცერთი მაჩვენებელი, საქართველოს არცერთი წარმატება, რადგან ესენი ემზადებიან, რომ რამენაირად ქვეყანაში ცუდად წავიდეს საქმე, რათა იქნებ, მომავალი არჩევნებისთვის შანსი გაუჩნდეთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.
ამასთან, ქადაგიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმების მოსაგროვებლად, არავისთან არ აპირებენ კონსულტაციების გამართვას.
„ვისთან უნდა გავწიოთ კონსულტაციები? „ნაციონალური მოძრაობა“, მთელი ეს ფარისევლური ბუდე, რომელიც აცხადებდა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის რუსეთის აგენტი, პიროვნულად რას ეძახდნენ, მაგას როგორ გავიმეორებ. დააკვირდით, როგორ მანიპულაციებთან გვაქვს საქმე. ახლა მიეცათ შანსი, რომ რუსეთის აგენტი გააგდონ პრეზიდენტის თანამდებობიდან, მაგრამ არაფერს იზამენ, მაშინაც ტყუილს იძახდნენ, დღესაც და ხვალაც ტყუილს იტყვიან. მაგათთან ჩვენ კავშირი არ გვაქვს. ერთადერთი, ჩვენ გვინდა, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ კონსტიტუციური წესრიგი არსებობდეს და ყველა პატივს სცემდეს ამას. თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით არ ირგებდეს კონსტიტუციას, პრეზიდენტი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა. ეს არ არის ანტიევროპული გზა, ევროპა იმიტომ შედგა, რომ პატივი სცეს იქ ერთხელ და სამუდამოდ კანონებს, მუდამ პოლიტიკური სპეკულაციის საგანი არ იყოს ყველაფერი, როგორც საქართველოშია“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.