ირაკლი ქადაგიშვილი - ზოგიერთი რადიკალური პარტია უკრაინაში არსებულ მდგომარეობას იყენებს ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალებად, რაც მიუღებელია
ჩვენს ხელისუფლებას კარგად ესმის, რა გაზრახვა აქვს ოკუპანტს, რის გამოც ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე პარტნიორებთან შეთანხებით. ვმოქმედებთ გონივრულად, რათა ეს ზრახვები არ განვახორციელებინოთ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ზოგიერთი რადიკალური პარტია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს იყენებს ხელისუფლების დისკრედიტაციისა და ხელისუფლებაში მოსვლის, დაბრუნების საშუალებად, რაც ყოვლად მიუღებელია.
„ისევე, როგორც 2008 წელს, ისევე, როგორც 2014 წელს, ისევე, როგორც ამ მოვლენების ამ მძიმე აგრესიის დაწყების წინ საერთაშორისო საზოგადოება, სამწუხაროდ, არ იყო რელევანტური რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების განსაზღვრისა და რეაგირების კუთხით. კარგია, რომ დღეს ეს ვითარება ჩვენს პარტნიორებში რადიკალურად იცვლება, რაც მისასალმებელია აგრესიის შეჩერებისათვის. ცალსახად უნდა ითქვას, რომ ისტორიის გადაწერა არ გამოვა, ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოქმედებდა საქართველოს ხელისუფლება 2008 წლის აგრესიის წინ. ეს იყო მისი მხრიდან გაუთვლელი, პროვოკაციაზე აწყობილი, მილიტარისტული ლოგიკით გაჟღენთილი ქმედებები. ჩვენ შეგვიძლია ამოვიღოთ ის სატელევიზო მასალა, რომელიც დაგვანახებს იმდროინდელი ნაციონალური ხელისუფლების ურაპატრიოტულ, უგუნურ და პროვოკაციულ ნაბიჯებს, რომელმაც საშუალება მისცა რუსეთს, განეხორციელებინა თავისი ზრახვები და განეხორციელებინა ოკუპაცია. ამ წილ პასუხისმგებლობას ის ხელისუფლება ვერასდროს მოიხსნის, მაგრამ ეს ერთი წამითაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის და ეს ზრახვები არ აქვს.
ჩვენს ხელისუფლებას კარგად რომ ესმის, რა გაზრახვა აქვს ოკუპანტს, იმიტომ ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე პარტნიორებთან შეთანხმებით. ვმოქმედებთ გონივრულად, რათა ეს ზრახვები არ განვახორციელებინოთ. დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ უკრაინასთან დაკავშირებით, არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს აღშფოთებას იწვევს. ჩვენ, ყველანი ამის სოლიდარული ვართ, ეს აგრესია უნდა აღიკვეთოს და შეწყდეს. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ზოგიერთი რადიკალური პარტია უკრაინაში ამ მდგომარეობას იყენებს ხელისუფლების დისკრედიტაციისა და ხელისუფლებაში მოსვლის, დაბრუნების საშუალებად, რაც ყოვლად მიუღებელია. სხვისი გაჭირვებით და სხვისი ტრაგედიით სპეკულირება, რათა მიაღწიო შენს მერკანტილურ მიზანს, ასე არ არის. ხალხი ამას ზუსტად ჰყოფს, რა არის მართლა მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისა და რა არის ის, რომ ამ სხვისი ტრაგედიით უნდათ ხელისუფლების ხელში ჩაგდება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.