ირაკლი ქადაგიშვილი - ზეწოლას, შანტაჟს უკიდეგანო ხასიათი აქვს, დასავლეთისთვის რთული გასაგებია, რომ საქართველოს უფლება აქვს, სუვერენული სახელმწიფო იყოს
ზეწოლას, შანტაჟს უკიდეგანო ხასიათი აქვს მიცემული, დასავლეთისთვის რთული გასაგებია, რომ საქართველოს უფლება აქვს, სუვერენული სახელმწიფო იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
„ეს ასახავს იმ ზეწოლისა და შანტაჟის პოლიტიკას, რაც საქართველოზე ხორციელდება გამჭვირვალეობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ვარჰეის მხრიდან ჩამოთვლილი იყო სანქციები თუ შეზღუდვები, რაც კანონის მიღებას შეიძლება მოჰყოლოდა. ხაზი გაესვა იმას, გაითვალისწინეთ, რაც მოუვიდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრსო. ეს იყო შანტაჟი და დაშინება. ვარჰეი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ასეთი საუბარი შედგა და ეს ფაქტი ნახსენები იყო. უკვე ნათელია, რომ ზეწოლასა და შანტაჟს უკიდეგანო ხასიათი აქვს მიცემული. რთული გასაგებია დასავლეთისთვის, რომ საქართველოს უფლება აქვს, სუვერენული სახელმწიფო იყოს. ეს გვიბიძგებს, სუვერენიტეტი შევინარჩუნოთ და მტკიცედ ვიყოთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა… – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.
მოგვიანებით სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძესთან საუბრისას სლოვაკეთის ტრაგიკული მოვლენა იქნა მოყვანილი, როგორც მაგალითი და მითითება, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის მაღალმა დონემ საზოგადოებაში, თუნდაც ევროპაში.