ირაკლი ქადაგიშვილი - ყველაზე მეტს ვინც ლაპარაკობს, მან მერის არჩევნებში წააგო ოგბუნუჯუსთან, რომელსაც, ფაქტობრივად, არ იცნობდა დედაქალაქის მოსახლეობა, ახლა ყველაზე მეტს ლაპარაკობს ვაშაძე
ირაკლი ქადაგიშვილი - ყველაზე მეტს ვინც ლაპარაკობს, მან მერის არჩევნებში წააგო ოგბუნუჯუსთან, რომელსაც, ფაქტობრივად, არ იცნობდა დედაქალაქის მოსახლეობა, ახლა ყველაზე მეტს ლაპარაკობს ვაშაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, IRI-ის კვლევებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მისივე შეფასებით, აღნიშნული კვლევები გარკვეული აზრის ჩამოყალიბებისთვის პლატფორმის შექმნას ემსახურება.

„რაც შეეხება რეალურ შედეგებს, რაც ოპოზიციას ახლა აქვს, ვინც ყველაზე ბევრს ლაპარაკობს ხოლმე და ხმამაღლა ძახილით არის გამორჩეული, მან მერის არჩევნებში მაგალითად, ნიგერიელ ბატონ ოგბუნუჯუსთან წააგო, არჩევნებში ვერ აჯობა ამ ბატონს, რომელსაც, ფაქტობრივად, არ იცნობდა დედაქალაქის მოსახლეობა, იმასაც კი ვერ აჯობა. ახლა ყველაზე მეტს ლაპარაკობს ვაშაძე ამ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებსა და ხელისუფლების დამარცხებაზე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება საკითხს, IRI-ის კვლევების შემდეგ გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია, ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციას მკვეთრად გამოკვეთილი, პოლიტიკური, ეგოისტური მიზნები აქვს და ურთულესი საკითხია, მოახერხებენ თუ არა ამ ეგოს დაძლევას.

„რაციონალურ განსჯას არ რქვემდებარება, ეს არის ირაციონალური სფერო, რადგან, სამწუხაროდ, ამდენი წლის განმავლობაში ოპოზიციამ ვერ მოახერხა პოზიტიური დღის წესრიგის გარშემო გაერთიანება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნებზე შეიძლება გარკვეული, მინიმალური შედეგი დადოს, მაგრამ ეს ვერ იქნება ის შედეგი, რომელიც მნიშვნელოვანი მოთამაშის როლს შეასრულებს. რატომ? იმიტომ, რომ ამათი სახე ამომრჩევლისთვის, ფაქტობრივად, არაფრით არის განსხვავებული, ამომრჩევლისთვის სიახლეს ან პოზიტიურ სამოქმედო გეგმას არ წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ეს არის ნულოვანი ერთეულების გაერთიანება, რომელსაც ძალიან დიდი შედეგი არ ექნება. ამომრჩეველი ელოდება არა მათ გაერთიანებას, არამედ, თუ ვინმეს სურს, ხელისუფლების ნაცვლად სხვას მისცეს ხმა, ელოდება ახალ პოლიტიკურ ძალას და სიახლეს. ასე რომ, მათი გაერთიანება-არ გაერთიანებით, რეალურად, საქართველოში პოლიტიკური სურათი არ შეიცვლება“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.