ირაკლი ქადაგიშვილი - შთაბეჭდილება მრჩება, რომ პრეზიდენტი ოპოზიციის გული მოიგებას ცდილობს, ეს არ გამოსდის და აკრიტიკებს ხელისუფლებას, თუმცა საქმე არასაგნობრივ კრიტიკაში გადადის
ყველას მოვუწოდებთ, რეალურ დეპოლარიზაციაზე ვისაუბროთ და არ უნდა ვაკეთოთ დემარშები დეპოლარიზაციის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სინამდვილეში, ეს დემარში ხელს უწყობს პოლარიზაციის გაღრმავებას.
„რიგგარეშე სესიის მოწვევა რას ნიშნავს, როცა სესიაზე განსახილველი საკითხები ფაქტობრივად არ არსებობს. ანუ, არის რაღაც იდეა, ამ იდეის უკან ნედლი მასალაც კი არ არის ჩამოყალიბებული და ეს უნდა გამხდარიყო კიდევ ერთი შესაძლებლობა იმის, რომ საქვეყნოდ გვეჩვენებინა, როგორი დაპირისპირებაა პარლამენტში. ჩვენ სწორი სამუშაო ფორმატი გვაქვს შერჩეული და პარლამენტი სხვადასხვა შეხვედრას მართავს, რომ 12 რეკომენდაციის შესრულება მოხდეს წლის ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხის განხილვა მომავალი წლის შემოდგომისთვის არის გადაწეული.
ევროპარლამენტარების გუშინდელი ვიზიტი იქითკენ იყო მოწოდებული, რადგან მათ ესმით, რას ნიშნავს სამუშაო პროცესი. ევროპარლამენტარებმა ოპოზიციის ნაწილს მოუწოდა, სამუშაო პროცესში ჩაერთონ. რაღაცნაირად პრეზიდენტი ცდილობს, რომ ის პოლიტიკური წონა მოიპოვოს, რაც კონსტიტუციით არ არის მისი საქმე. პრეზიდენტმა პოლიტიკური წონა შეიძლება, სხვა კუთხითაც მოიპოვოს, მაგრამ როცა პრეზიდენტი არც პრემიერ-მინისტრია და არც პარლამენტი, სულ სხვა ფუნქციით არის. შთაბეჭდილება მრჩება, რომ პრეზიდენტი რაღაცნაირად ცდილობს, ოპოზიციის გული მოიგოს, მაგრამ ეს არ გამოსდის და აკრიტიკებს ხელისუფლებას, თუმცა ვხედავთ, რომ საქმე არასაგნობრივ კრიტიკაში გადადის. პრეზიდენტის ინსტიტუტს ჩვენ პატივს ვცემთ და არ გვინდა, პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაძაბულობა გვქონდეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.