ირაკლი ქადაგიშვილი - „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ დასკვნა ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ქვეყანა რეფორმების გზაზე სწორი მიმართულებით მუშაობს
„წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ დასკვნა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ქვეყანა რეფორმების გზაზე სწორი მიმართულებით მუშაობს, შედეგები სახეზეა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობის თვალსაზრისით, საქართველოს ხელშესახები პროგრესი აქვს მიღწეული.
„ნახეთ, რომ შემოწმება კომპლექსური იყო – როგორი ხედი იყო ფანჯრიდან, ისიც კი შეამოწმეს, მკურნალობის ხარისხზე, ჰიგიენასა და სამედიცინო პერსონალზე რომ არაფერი ვთქვათ. კლინიკაში აბსოლუტურად ყველა სერვისი ვერ იქნება, შესაბამისად, როცა საჭიროა ფსიქიატრის მიყვანა, ამას უზრუნველყოფენ. რაიმე თუ დასახვეწია, ეს გათვალისწინებული იქნება.
საქართველოში ყველა მსჯავრდებული, მათ შორის სააკაშვილი, იმ პირობებში იმყოფებოდა, რა სტანდარტებიც ევროპის სტანდარტებს შეესაბამება. დანარჩენი იყო პოლიტიკური სპეკულაცია და დეზინფორმაცია სააკაშვილისა და მისი გარემოცვის. ამ რეკომენდაციებს თუ დავაკვირდებით, შეიძლება, შვედეთსა და ნორვეგიაშიც არ იყოს ყველა ეს რეკომენდაცია გათვალისწინებული. პატიმარს სიმარტოვეს რა უმსუბუქებს? ალბათ ცოლი ან ოჯახის წევრი. რა ვიცი, მეუღლემ მიაკითხოს ხოლმე, რა გითხრათ? გასეირნების საკითხი შეიძლება რეალური იყოს. შეიძლება, იმ ტერიტორიაზე ცალკე პირობა შეიქმნას გასეირნების, ეს რეალური საკითხია. პატიმარი რომ სიმარტოვეს განიცდის, ამის კომპენსაცია ოჯახის წევრმა უნდა გაუწიოს, მეუღლემ, შვილმა, რა გითხრათ, არ ვიცი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა“ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასება გამოაქვეყნა და გარკვეული რეკომენდაციები გასცა.