ირაკლი ქადაგიშვილი - ვიდრე მცირედით მაინც იქნება წაქეზებული რადიკალური ოპოზიცია, არასდროს დაამთავრებს პოლარიზაციას, ევროპარლამენტარებმა კრიტიკა მათი მიმართულებით უნდა გამოთქვან
2020 წლის შემდეგ ოპოზიცია სახელმწიფოს დაუმთავრებლად არყევს. არც ერთი მაგალითი არ ყოფილა, რომ რადიკალურ ოპოზიციას რაიმეში კონსტრუქციული მონაწილეობა მიეღო. მათი მხრიდან არის დაუმთავრებელი პრეტენზიები და ქვეყნის ჯანჯღარი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ჩაერთონ.
ამასთან, როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტარებმა კრიტიკა უნდა გამოთქვან ოპოზიციის ამ ნაწილის მიმართულებით, რადგან ქადაგიშვილის თქმით, ვიდრე მცირედით მაინც იქნება წაქეზებული ოპოზიცია, ისინი პოლარიზაციას არ დაამთავრებენ.
„ევროპარლამენტარების მოწოდებების მიუხედავად, რადიკალური ოპოზიცია სამუშაო ფორმატში არ ჯდება. ამას შეფასება არ მივცეთ? – უნდა მივცეთ. როცა მივიჩნევთ, რომ რეზოლუცია უსამართლოა, შეფასება არ მივცეთ? – უნდა მივცეთ, რადგან თუ ასე გაგრძელდება, ეს დააზიანებს არა ამერიკის ელჩს ან ევროკავშირს, არამედ საქართველოსა და ამერიკას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს მოქალაქეების თვალში. ამას პუტინის პროპაგანდა არ დასჭირდება, თუ ჩვენ, ევროკავშირი, ამერიკა, საქართველო არ ვიქნებით ღია და ნათელ ურთიერთობაში და ჩვენ შორის თუნდაც პრობლემურ საკითხზე არ მოხდება შინაარსში განხილვა.
ეს იქნება ცუდი სამსახური ქვეყნისთვის. ევროპარლამენტარები ორივე მხარეს მოუწოდებენ, ამ პარიტეტს ყოველთვის იცავენ და საქმეც ამაშია. 2020 წლის შემდეგ ოპოზიცია სახელმწიფოს დაუმთავრებლად არყევს და ამ პირობებში ხელისუფლებას დემოკრატიული ინსტიტუტების შენარჩუნება და განვითარება უწევს. არც ერთი მაგალითი არ ყოფილა, რომ რადიკალურ ოპოზიციას რაიმეში კონსტრუქციული მონაწილეობა მიეღო – მათი მხრიდან არის დაუმთავრებელი პრეტენზიები და ქვეყნის ჯანჯღარი. სამუშაო ჯგუფები მუშაობენ, მობრძანდნენ და ჩაერთონ. ამ პროცესში მათ ჩართვაზე ისევ უარია და ეს უარი არ დამთავრდება. ამიტომ ვამბობთ, რომ ევროპარლამენტმა და ევროკავშირმა ეს რეალობა უნდა დაინახონ. ვიდრე სულ მცირედით მაინც იქნება წაქეზებული ასეთი ოპოზიცია, არასდროს დაამთავრებს პოლარიზაციას. ევროპარლამენტარებმა კრიტიკა სწორედ მათი მიმართულებით უნდა განახორციელონ. მათ არა მხოლოდ უნდა მოუწოდონ, არამედ დაბეჯითებით უთხრან, რომ მათი გზა, რომელიც გულისხმობს არას, არ იქნება აღქმული ევროკავშირის და ევროპარლამენტის მხრიდან კონსტრუქციულ გზად. ვიდრე ასეთი მკაფიო გზავნილი არ იქნება, რადიკალურ ოპოზიციას სულ ექნება განცდა, რომ დასავლეთი ამ რევოლუციურ მეთოდებს მხარს უჭერს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.