ირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობთ, არ დავუჭერთ მხარს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, კალანდარიშვილის ჩატარებულ არჩევნებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა უმაღლესი შეფასება მისცეს
აბსოლუტურად გაურკვეველია მოტივაცია, რა მოტივაციითაც პრეზიდენტმა იმოქმედა. როგორც მისი განცხადებიდან ჩანს, ეს არის მისი პოლიტიკური პოზიციის გამოჩენა. რეალურად, პრეზიდენტს, მით უმეტეს ამ საკითხში პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა არ ევალება, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო მიუკერძოებელი და ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობილი ყოფილიყო მისი გადაწყვეტილება.
„გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი კალანდარიშვილმა ჩაატარა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მაშინ ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, ეუთო/ოდირმა ადმინისტრაციის მიერ გაწეულ მუშაობას მისცა უმაღლესი შეფასება. რამდენიმე ქვეყნის ელჩმა, ამერიკის, ევროკავშირის, გერმანიის და კიდევ სხვა ქვეყნების ელჩებმა პირადი შეფასება მისცეს და აღნიშნული იყო, რომ ასეთი მაღალი ორგანიზაციული ხარისხით ჩატარებული არჩევნები, ადმინისტრირების ასეთი მაღალი დონე და უმაღლესი ადმინისტრატორის, კონკრეტულად იყო მათ შორის თავმჯდომარეზე მითითებაც, გაწეული სამუშაო მართლაც უმაღლეს შეფასებას იმსახურებსო. აქედან გამომდინარე, ყოვლად გაურკვეველია, რატომ ხდება ასეთი ადამიანის არდაშვება პარლამენტში წარსადგენად. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ალბათ, გვექნება ჩვენი ხედვა ამაზე და არ დავუჭერთ მხარს ამ ობიექტურად არამოტივირებულ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. ცესკოს არჩეული თავმჯდომარე გააგრძელებს მოვალეობას, ვიდრე არ იქნება არჩეული ახალი თავმჯდომარე. უნდა მოხდეს ახალი კონკურსის ჩანიშვნა და ეს პროცედურები გაგრძელდება. კენჭისყრას თავისი ვადები აქვს, საშემოდგომო სესიის განმავლობაში, სადღაც ნოემბრამდე ეს პროცესები გაგრძელდება. კენჭისყრის უარყოფითი შედეგების შემდეგ ახალი კონკურსი გამოცხადდება, ალბათ ოქტომბრის თვეში გამოცხადდება ახალი კონკურსი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.