ირაკლი ქადაგიშვილი - რეკომენდაციების დეკემბრის ბოლომდე შესრულების ვალდებულება გვაქვს, გრაფიკს არ ჩამოვრჩებით, ევროკავშირი გადაწყვეტილების მიღებას 2023 წლის შემოდგომაზე აპირებს
ვალდებულება გვაქვს, რომ ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია დეკემბრის ბოლომდე შევასრულოთ. ამ გრაფიკს არ ჩამოვრჩებით, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი გადაწყვეტილების მიღებას 2023 წლის შემოდგომაზე აპირებს. „თავად ევროკავშირი გადაწყვეტილების მიღებას 2023 წლის შემოდგომაზე აპირებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ამასთან, ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებას და აღნიშნა, რომ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნაც მნიშვნელოვანი იქნება.
„დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნაც მნიშვნელოვანი იქნება. თუ მათი მხრიდან სხვა რეკომენდაცია იქნება, ამ რეკომენდაციის შემდგომში გათვალისწინება შესაძლებელი იქნება. დეოლიგარქიზაციაზე ოლივერ ვარჰეის განცხადება არის ის, რაზეც ზუსტად ჩვენ ვსაუბრობდით, რომ დებიძინიზაცია, როგორც ეს ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა თქვა, პოლიტიკურად ანგაჟირებულია. უნდა იყოს კანონი, რომელიც ობიექტურ კრიტერიუმებს მოიცავს და ვინც ამას დააკმაყოფილებს, ის იქნება რეესტრის წევრი. სხვა შემთხვევაში, სხვა ყველა განცხადება პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე განაცხადა: „ჩვენი კრიტერიუმები არასდროს უკავშირდება კერძოდ რომელიმე ადამიანს, დეოლიგარქიზაციაზე ქვეყანას ვთხოვეთ ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მთავრობას, რომ ვენეციის კომისიაზე გაიტანოს შესაფასებლად ეს კანონპროექტი და ვნახოთ, რამდენად მიიყვანს ეს იურიდიული ინსტრუმენტი ქვეყანას იმ მიზნამდე, რომელიც გაწერილია ამ პრიორიტეტებში“.