ირაკლი ქადაგიშვილი - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დროს ადგილობრივმა ომის პარტიამ მცდელობები გააქტიურა, რომ საქართველო ამ გზაზე დამდგარიყო, რასაც სათანადო შეფასება უნდა მოჰყვეს
ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარეობდა დავა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, სადაც საქართველოს, ჯარის ინტერესებს ვიცავდით, რომ მათი დადანაშაულება არ მომხდარიყო, როგორც ამას რუსული მხარე ითხოვდა. ყველა დავა მოვიგეთ, აქედან გამომდინარე, ამ თვალსაზრისით საქართველოს და ქართულ ჯარს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ომის გარშემო რიტორიკა არ იცვლება და პირიქით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დროს ადგილობრივმა ომის პარტიამ მცდელობები გააქტიურა, რომ საქართველო ამ გზაზე დამდგარიყო.
„რუსეთი არის ოკუპანტი, აგრესორი, მას ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20 პროცენტი, მაგრამ ამავე დროს საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები სათანადოდ შეფასებული არ იყო და ამიტომ ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, რომ თავიანთი რიტორიკით საქართველო რუსეთთან ისევ დაპირისპირებაში შეიყვანონ, რაც კიდევ უფრო მძიმე შედეგებით დასრულდება, ვიდრე 2008 წელს იყო. ამას არჩევნების შემდეგ სათანადო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება უნდა მოჰყვეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.