ირაკლი ქადაგიშვილი - უკრაინაში გარკვეულ ადამიანებს შეექმნათ ილუზია, რომ მსოფლიოს მმართველები და ბატონ-პატრონები არიან
ირაკლი ქადაგიშვილი - უკრაინაში გარკვეულ ადამიანებს შეექმნათ ილუზია, რომ მსოფლიოს მმართველები და ბატონ-პატრონები არიან

უკრაინაში გარკვეულ ადამიანებს იმის ილუზია შეექმნათ, რომ ისინი მსოფლიოს მმართველები და ბატონ-პატრონები არიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, რატომღაც, ისეთი წარმოდგენა აქვთ, რომ საქართველოა ის ადგილი, სადაც მათ შეუძლიათ, ვიღაცაზე და რაღაცაზე რევანში მოახდინონ და თავიანთი მდგომარეობა საქართველოთი გააუმჯობესონ.

„საქართველოსა და უკრაინის მთავარი პრობლემა, რაც ასეთ ნეგატიურ კონტექსტში აკავშირებს, არის ის, რომ სააკაშვილი და მისი კლიენტურა მაღალ თანამდებობებზე ტყუილად არ ჰყავდათ შეფარებული. სააკაშვილი საქართველოში სწორედ იმიტომ შემოაგზავნეს, რომ მეორე ფრონტის ადგილი ყოფილიყო. მათი გეგმა ვერ შესრულდა, მაგრამ შურისძიების რეჟიმში არიან საქართველოს წინააღმდეგ. საქართველო აბსოლუტურად მართალი ქვეყანაა, ხელისუფლება პირნათელია. ასეთი ენით აღუწერელი ვაკხანალიის მიუხედავად, ცალსახა რეჟიმით ვაგრძელებთ წესიერი და პატიოსანი პოლიტიკის შენარჩუნებას უკრაინელი ხალხის მიმართ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ კიევში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართა, „დაიწყოს გამოძიება სააკაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე“.